თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ TBC Bank-ის დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის მიერ გადაცემული წერილი დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გამოაქვეყნა.
ახალი სკანდალი TBC Bank-ის ირგვლივ - დაწერა თუ არა გახარიამ მუქარის წერილი>>>
ხაზარაძე და TBC Bank-ში მისი ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე 17 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეში ფიგურირებენ. ის, რომ პროკურატურა სწავლობდა 2008 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას, მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა, რასაც საფუძვლად დაუდო 2007-2008 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებული დარღვევები.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წერილი გაასაჯაროვა!!!https://t.co/wNsD774nxv pic.twitter.com/st1L3yDL75
— dada (@dadababako1966) March 6, 2019
უწყებამ მამუკა ხაზარაძე მას შემდეგ გამოკითხა, რაც მან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა.
ხაზარაძემ 4 მარტს საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა, გახარიასგან მიიღო მუქარის წერილი, რომლითაც მინისტრი ბანკირისგან რაღაცას ითხოვდა. ხაზარაძის სიტყვებით, გახარიას მოთხოვნა არჩევნებს უკავშირდებოდა.
გახარიამ მამუკა ხაზარაძის განცხადებას უპასუხა და ბანკირი ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს აგზავნის წერილებს, რადგან სათქმელს პირდაპირ ამბობს და დასძინა, რომ ცალკეული ბიზნესმენები პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდნენ.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, TBC Bank-ის დამფუძნებელმა წერილთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ ითანამშრომლა და დაკითხვისას წარმოადგინა პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.
„უწყება ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია, და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს", – განაცხადეს პროკურატურაში.
როგორც მანამდე ხაზარაძემ განმარტა, წერილის ორიგინალი ლონდონშია გაგზავნილი ექსპერტიზის ჩასატარებლად.
TBC Bank-ის საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლასა და ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", თავის მხრივ, აცხადებს, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
TBC Bank – საქართველოს უმსხვილესი ბანკია, რომლის წმინდა მოგებამ 2018 წელს ქვეყნის 15 კომერციული ბანკების საერთო მოგების 39% შეადგინა.