ახალი სკანდალი TBC Bank-ის ირგვლივ: გახარიამ ბანკირის ბრალდებებს უპასუხა

გამოწერა
ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ცალკეული ბიზნესმენები პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდნენ

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას უპასუხა და ბანკირი ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა.

შინაგან საქმეთა მინისტრი TBC Bank-ს ემუქრებოდა? – ხაზარაძის სკანდალური განცხადება >>

ხაზარაძემ ორშაბათს საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა, მან გახარიასგან მიიღო მუქარის წერილი, რომლითაც მინისტრი ბანკირისგან რაღაცას ითხოვდა. ხაზარაძის სიტყვებით, გახარიას მოთხოვნა არჩევნებს უკავშირდებოდა.

„ეს იყო ერთი პრივილეირებული ბიზნესმენის მცდელო¬ბა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის, იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკირს მოუწევს, პასუხი აგოს თავის სიტყვებზე.

ხაზარაძის განცხადება იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს და ახსნა-განმარტებისთვის პარლამენტში დაიბარეს.

სკანდალი TBC Bank-ის ირგვლივ

„თიბისი ბანკი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა სწავლობდა 2008 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას, რომელიც ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა, რასაც საფუძვლად დაუდო 2007-2008 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებული დარღვევები.

 TBC bank-ის მთავარი შენობა - Sputnik საქართველო
„შეტევა ეროვნულ ბანკზე“ „თიბისი ბანკის“ გამო, ანუ რატომ ჩაიშალა პარლამენტის სხდომა

„თიბისი ბანკის“ საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

 „თიბისი ბანკი“ 1992 წელს დაფუძნდა და ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი ბანკია. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა და მისმა აქციებმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგი გაიარეს.

 „თიბისი ბანკის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბანკის აქტივებმა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების საერთო მოცულობის 38,2%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები ქვეყნის საბანკო სისტემის საბანკო კრედიტების საერთო მოცულობის 38,8%-ს და დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0