თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა, იმ დროს, როდესაც და-ძმა სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდა. ისინი ლიანდაგზე გადადიოდნენ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ.
დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.