თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი შეიძლება ზუგდიდში დაგეგმილი მერის არჩევნებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გახდეს, იუწყება Rustavi2.
ჯერჯერობით პარტიაში არ აზუსტებენ ინფორმაციას შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსის კანდიდატურის წამოყენების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ამ ეტაპზე სხვადასხვა კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ღირსეული კანდიდატი დასახელდება.
„ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება კანდიდატი, რომელსაც მეტი რეიტინგი და შანსი (გამარჯვების) ექნება. ტარდება კვლევები და პოლიტიკური პარტია კვლევის შედეგების თანახმად მიიღებს გადაწყვეტილებას... მე მოხარული ვიქნები, თუ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატი იქნება", – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი სიტყვებით, 24 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სანდრა რულოვსი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო. არჩევნების შედეგებით, რულოვსი პარლამენტში პარტიული სიით შევიდა. ის სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო, მაგრამ არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატთან დამარცხების შემდეგ უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.
ზუგდიდის მერის პოსტი 2018 წლის სექტემბერში გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. 1 ნოემბერს ექს-მერი გოგია და მისი პირველი მოადგილე გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, შუალედური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2019 წლის მაისში უნდა გაიმართოს.