„სააკაშვილს და რევოლუციას არ დავუშვებთ“: ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოს“ ინტერვიუ მისცა

© photo: Sputnikნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და განმარტა, თუ  რატომ არის, მისი აზრით,  საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაუშვებელი.

 

დაუშვებელია ხელისუფლებაში „კოლექტიური სააკაშვილის“ მოხვედრა, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს. „Sputnik-საქართველოსთვის“  მიცემულ ინტერვიუში მან ისაუბრა საფრთხეებზე, რომელსაც საქართველოს ნატოს ბაზები შეუქმნის, იმაზე, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს რევოლუცია.

- ბევრი ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის, მმართველი პარტია, მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოებას. თქვენ რუსეთთან დაახლოების მნიშვნელობაზე საუბრობთ. რა არგუმენტებით ამყარებთ თქვენს პოზიციას?

– ახლა საუბარია არა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებაზე. ჩვენი მთავრობა ამბობს: საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი! - ეს კი სულ სხვაა. ნატოს წევრობა საქართველოს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების განთავსების ვალდებულებას. ეს ჩემთვის მიუღებელია. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რუსეთთან მეგობრობა საქართველოს სტაბილურობას მოუტანს

ჩვენ დილემის წინაშე ვდგავართ: თუ პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს, გამოდის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ერთდროულად აღმოჩნდება ნატოს ბაზებიც და რუსეთის ბაზებიც. ეს საქართველოსთვის კატასტროფულად სახიფათოა. არ ვისურვებდი, ჩემი პატარა ქვეყანა აშშ-სა და რუსეთს შორის საჯილდაო ქვად იქცეს.

რაც შეეხება რუსეთთან თანამშრომლობას - საღი აზრი მკარნახობს, რომ მეზობლებთან საჭიროა მეგობრობა, მით უმეტეს - ბირთვულ სახელმწიფოსთან. ეს არის გარანტია იმისა, რომ 2008 წლის ტრაგედია არ განმეორდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური მხარეც - რუსეთის ბაზარი ჩვენთვის მიმზიდველია, ქართული პროდუქცია რუსებს დღემდე კარგად ახსოვთ. ამგვარად, რუსეთთან მეგობრობის წყალობით საქართველოში სიმშვიდე, სტაბილურობა დაისადგურებს და ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმოების შესაძლებლობა გაგვიჩნდება.

ბურჯანაძე: საქართველოს შანსი არა აქვს გახდეს ნატოს წევრი>>>

ჯერ კიდევ 2016 წელს მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვაყენე: საქართველომ უნდა მიიღოს ალიანსის არაწევრი (მოკავშირე) ქვეყნის სტატუსი, რაც ჩვენს ტერიტორიაზე ვინმეს სამხედრო ბაზების განთავსებას გამორიცხავს. მაშინ ივანიშვილმა ჩემს წინადადებას ბლეფი უწოდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რათა მე და ჩემი მხარდამჭერები პარლამენტში არ შევეშვით.

- საქართველოს მთავრობის დღევანდელ კურსზე საუბრისას, რომელიც ნატოში გაწევრიანებისკენაა მიმართული, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გააფრთხილა ქართველი კოლეგები „შესაძლო არასასურველი მოულოდნელობების შესახებ“. ასეთ პერსპექტივას როგორ აფასებთ?

– გულწრფელად გეტყვით: ბატონი კარასინის ამ განცხადებამ შემაშფოთა. მესმის, რომ იგი რუსეთის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს. ბუნებრივია, ქართველი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებები იმის შესახებ, რომ ნატოში გაწევრიანების გარეშეც უნდა დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ალიანსის სამხედრო ბაზებს, შემოვუშვათ ჩვენს პორტებში მათი სამხედრო ფლოტი - რუსეთს აღიზიანებს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც დიდად არ აქცევს ყურადღებას და არ უსმენს  საღ აზრს, ახლა მაინც მოეკიდება სერიოზულად რუსული  მხარის სიტყვებს. 

© Sputnik / Levan Avlabreliპარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე
 „სააკაშვილს და რევოლუციას არ დავუშვებთ“: ბურჯანაძემ  „Sputnik-საქართველოს“ ინტერვიუ მისცა - Sputnik საქართველო
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე

- ამას წინათ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საიდუმლო ლაბორატორია ფუნქციონირებს. თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია?

– მონაცემები არ მაქვს, მაგრამ კითხვები გაჩნდა. როდესაც ხმები ასე აქტიურად ვრცელდება, ეს შეშფოთებას იწვევს. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება და ყველას მკაფიო პასუხებს გასცემს - საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

- პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ წამოაყენა მოლაპარაკებების ახალი ფორმატით - საქართველო-რუსეთი-ნატო - გამართვის წინადადება. რამდენად რეალურია ასეთი ფორმატი? იქნება თუ არა ის სასარგებლო?

– ეს წინადადება მათ ათი წლის დაგვიანებით წამოაყენეს. მაშინ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები უფრო დამთბარი იყო, დომინირებდა თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია, მაგრამ დღეს მსოფლიო შეიცვალა. ახლა მსგავსი წინადადებები არაფრის მომტანი არაა. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ვინ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებზე? ბურჯანაძის პროგნოზები

ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა შორის პირდაპირი დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ, ქართველებს, ქვეყნის სათავეში გვჭირდება ადამიანები, რომელთაც რუსეთთან საუბრის არ ეშინიათ. მაშინაც კი, თუ ამ დიალოგს ზოგიერთები „სამშობლოს ღალატად“ შერაცხავენ,  ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ - ეს საქართველოს სჭირდება.

- რისი ეშინიათ საქართველოს დღევანდელ ლიდერებს - საზოგადოებრივი აზრის ქვეყნის შიგნით თუ დასავლეთის შესაძლო რეაქციის?

– ეჭვგარეშეა - მეორის. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქართველოს საზოგადოებრივი აზრი თანდათანობით  იხრება ორ ქვეყანას შორის დიალოგისკენ. არ მომერიდება ვთქვა, რომ ეს დიდწილად ჩემი დამსახურებაცაა. არ შემშინებია „მოღალატის“ დაღისა, როდესაც 2008 წლის შემდეგ რუსეთში მოლაპარაკებებზე გავემგზავრე. მახსოვს, როცა დაბრუნებისას აეროპორტიდან სახლისკენ მივდიოდი, მთელ ქალაქში ვხედავდი ბანერებს ჩემი ფოტოებითა და წარწერით: „სამშობლოს მოღალატე! უნდა გასამართლდეს!“ ამის მიუხედავად, ვფიქრობ, მოვახერხე საზოგადოებრივი აზრის გარდატეხა და არ ვიღლები გამეორებით: დიალოგი - პრობლემების მოგვარების ერთადერთი მშვიდობიანი გზაა. მეორე გზა - ომია.

ბურჯანაძე და „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლამ გააერთიანა>>>

„ქართულ ოცნებას“ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა რომ გადაეწყვიტა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ქვეყნის მთელი პოლიტიკური ელიტა მხოლოდ დასავლეთის საელჩოებისკენ იყურება.

- რუსეთ-საქართველოს დიალოგის ინიციატივა, თქვენი აზრით, საქართველოს მხრიდან უნდა მოდიოდეს?

– დიახ, რუსეთის მხარემ ნაბიჯები უკვე გადმოდგა. ჯერ კიდევ 2013 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა საქართველოს ახალ ლიდერს შეხვდეს და მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს. მაგრამ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ჩვენდა სამარცხვინოდ, უპასუხა, რომ დასავლელ პარტნიორებს ჰკითხავს რჩევას და გადაწყვეტს, გამართოს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან. ამ შეურაცხმყოფელი პასუხის მიუხედავად, პუტინმა კიდევ ორჯერ გამოხატა მზადყოფნა, საქართველოსთან პირდაპირი დიალოგი ეწარმოებინა. თუმცა,  შემოთავაზებას ქართული მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები არ მოჰყოლია. ჩვენმა ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი 2018 წლის არჩევნებში გამარჯვებისთანავე განაცხადა: პირდაპირი დიალოგი გამორიცხულია, რუსეთთან საჭიროა დასავლელი შუამავლების მეშვეობით საუბარი. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ივანიშვილი განერვიულდა, მაგრამ დაიმსახურა ეს

კარასინისა და აბაშიძისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მოლაპარაკების დღევანდელი ფორმატი ვერ გადაწყვეტს გლობალურ ქართულ-რუსულ პრობლემებს. სამუშაო ჯგუფის ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთ თემებზე საუბარს.

- ჩვენი საუბრის განმავლობაში უკვე არაერთხელ მოიხსენიეთ საქართველოს მმართველი პარტია არასახარბიელოდ. როგორ აფასებთ მის დღევანდელ მდგომარეობას?

– „ქართული ოცნება“ კრიზისს განიცდის. უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს ნათელია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ის, ფაქტობრივად, დამარცხდა. მეორე ტურში ივანიშვილი იძულებული გახდა, 100 მილიონი დოლარი - საქართველოსთვის კოლოსალური თანხა - და უზარმაზარი ადმინისტრაციული  რესურსი  დაეხარჯა არჩევნების  შედეგის შემოსაბრუნებლად.

არჩევნების საბოლოო შედეგი მიხეილ სააკაშვილისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებამაც განაპირობა. ადამიანებმა, რომლებსაც პრინციპულად არ სურდათ, ზურაბიშვილისა და ივანიშვილის გუნდისთვის დაეჭირათ მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“  წინააღმდეგ მისცეს ხმა. ჩემი უახლოესი გარემოცვა, მათ შორის, ჩემი პოლიტიკური საბჭოს წევრებიც კი, მიდიოდნენ ზურაბიშვილისთვის ხმის მისაცემად - ოღონდ სააკაშვილის პარტია არ გაძლიერებულიყო.

ის, რაც გარედან ჩანდა, როგორც „ქართული ოცნების“ გამარჯვება, სინამდვილეში იყო მისი დასასრულის დასაწყისი. მათ უკვე დაკარგეს კონსტიტუციური უმრავლესობა. თუ 2020 წლისთვის ივანიშვილი კვლავ შეეცდება არჩევნების გაყალბებას, ეს რევოლუციით დასრულდება და სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს - ქუჩაში მისი მხარდამჭერები ძლიერები არიან.

ბურჯანაძე მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნის>>>

ჩვენ,  დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად,  ხალხს ვთავაზობთ კანონმდებლობის შეცვლასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ელემენტარულ შესაძლებლობას. შედეგად მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც თანამშრომლობა გახდება პოლიტიკური რეალიების ცვლილების საფუძველი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გავიმეორებ - „ქართული ოცნება“ კატასტროფულ მდგომარეობაშია, ახლა საქართველოში აბსოლუტური უხელისუფლებობაა. ქართველების 95%-მა არ იცის პრემიერ-მინისტრის გვარიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მინისტრებზე. ზოგჯერ მეც ვერ ვცნობ ტელევიზიით დღევანდელ უმაღლეს ჩინოვნიკებს - იმდენად უსახურები და არაეფექტურები არიან.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას?

– უდავოა, რომ მისი მმართველობის პერიოდში პოზიტიური რეფორმებიც გატარდა. ამის მიუხედავად, სააკაშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა და დანაშაულიც კი ჩაიდინა, რომ მთელ მის დამსახურებას ხაზი გადაესვა. ახლა მის მიმართ ქვეყანაში ნეგატიური დამოკიდებულებაა, მას არ გააჩნია ხელისუფლებაში დაბრუნების რესურსი, ეს გამორიცხულია. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველოს ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებს არ გააუმჯობესებს

ივანიშვილი სააკაშვილს იყენებს, როგორც საფრთხობელას: „დიახ, მესმის, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ჩემი მმართველობა, მაგრამ უარესი იქნება, თუ სააკაშვილი დაბრუნდება“. ამ თამაშით მან მიაღწია იმას, რომ „ნაციონალური ერთობა“ გაძლიერდა, ახლა მათ ყოფილი სამასი ათასის ნაცვლად რვაასი ათასი ხმა აქვთ. ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა რადიკალურად შევცვალოთ ეს მოცემულობა.

მე მაღელვებს არა პირადად სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში - ეს შეუძლებელიცაა - არამედ „კოლექტიური სააკაშვილის“ მოსვლა ქვეყნის სათავეში. ვგულისხმობ პროამერიკულ კოალიციას, რომელიც იმავე კურსს გაატარებს, რასაც სააკაშვილი ატარებდა. დიახ, ისინი გამოიყენებენ სხვა სიტყვებს, სხვა ტონალობას, მაგრამ არსი იგივე იქნება.

- თუ შეიძლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ.

– ოპოზიციურმა ბლოკმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - ოცი პარტია ერთ მაგიდას შემოუსხდა ერთადერთი საერთო მოთხოვნით: შეიცვალოს საქართველოს კანონმდებლობა. დღეს მოქმედი კანონები ერთმნიშვნელოვნად ანიჭებს უპირატესობას იმ პარტიას, რომელიც ხელისუფლების სათავეშია. „ქართულ ოცნებას“  ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, თავის დროზე თავად ითხოვდა მსგავს საკანონმდებლო ცვლილებებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარტიის ხელმძღვანელობამ ეს მოთხოვნები მიივიწყა. ცვლილება, რომელსაც ვითხოვთ - არის ერთადერთი შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ რევოლუციური პროცესები 2020 წელს.

ვინ გააცოცხლა სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა?>>>

ივანიშვილსა და მის გუნდს უნდა „მოენდომებინათ“ და შემოეკრიბათ ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - ჩვენც და „ნაციონალური მოძრაობაც“ კი - მრგვალი მაგიდის ირგვლივ. ივანიშვილს არჩევნების მოსაგები რესურსები არ აქვს. მოსახლეობა მის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი - მოლოდინი იყო კოლოსალური, რეალური შედეგი კი არ დადგა.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ხმები წაგვართვან, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. მაშინ 12%-ზე მეტი მივიღეთ, მაგრამ 4% დაგვიწერეს - ანუ სამჯერ ნაკლები. ყოველ მესამე უბანზე იყო დარღვევები. ჩვენი შვიდასი სარჩელიდან სასამართლოებს არცერთი არ განუხილავთ. ეს გაკეთდა, რათა ამერიკელებს არ გასჩენოდათ კითხვები: რატომ მოხვდა ბურჯანაძის პრორუსული პარტია პარლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0