თბილისში მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBNew Hospital
New Hospital - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკაში პაციენტები სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ორთაჭალაში ახალი მრავალპროფილური კლინიკა New Hospitals-ი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნეს.

კლინიკის ახალ შენობაში ფუნქციონირებას დაიწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. აპრილიდან "ნიუ ჰოსპიტალსში" ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნაც იგეგმება.

მიხაილოვის საავადმყოფოს ისტორიული შენობა - Sputnik საქართველო
ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობის გაყიდვის შესახებ განცხადება ჭიშკარზე გააკრეს

კლინიკის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა გახდეს ლიდერი, არამედ ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორმა მსგავს პროექტებში ინვესტიციები განახორციელოს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მიიღოს.

„დღეს New Hospitals-ს ახალი კორპუსი შეემატა, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის ახალი მიმართულებები. უკვე წლებია კლინიკა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის უკეთესი სერვისების მიწოდებას", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძემ დაამატა, ჯანდაცვა მთავრობის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ამასთან ერთად პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს გამოწვევები. ეს არის მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების უფრო კომფორტული მიწოდება, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მედიკამენტებით მომარაგების საკითხი და ა.შ.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკების რაოდენობით საქართველო საშუალოევროპულ დონეზე იმყოფება.

საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

New Hospitals-ი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან პაციენტებს თავის ქსელში სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკა თანამშრომლობს ევროპის მოწინავე კლინიკებთან, რის შედეგადაც მუდმივად ხდება უახლესი სამედიცინო სტანდარტების დანერგვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0