თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის განვითარების ფონდი მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის ხიდზე, ასევე „9 მარტისა“ და „დედაენის“ ბაღებში სარემონტო სამუშაოებს იწყებს, ნათქვამია ფონდის Facebook–გვერდზე.
აღდგენითი სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნაა. პროექტი ახალ და ძველ განახლებულ ისტორიულ ზონებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
მშრალი ხიდი სუვენირებისა და ანტიკვარული ნივთების მთავარი ბაზრობაა. ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მშრალ ხიდზე მოვაჭრეთათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. პროექტის დასრულებამდე მოვაჭრეებს გვერდით ბაღში გადაიყვანენ.
„რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს ქმნის თვითდასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იგეგმება „9 მარტისა“ და „დედაენის“ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობა.
თბილისის მერიამ ბაღებს შორის გზა უკვე გადაკეტა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვალა.
პროექტის ღირებულება 9,6 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ 2016 წელს დაიწყეს. პროექტი გულისხმობს დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას.