თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თემა, რომელზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომა არ გამორიცხა>>>
გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომა არ გამორიცხა იმ შემთხვევაში, თუ საკითხი, რომელიც მისი უწყების უფლებებსა და უფლებამოსილებებს ეხება, მისთვის სასურველი ვარიანტით არ გადაწყდება.
გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რღვევის პროცესი არ არის.
„ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც საუბრობს, საზოგადოების საყურადღებოდაა გამოტანილი… არსებული ინფორმაციით, ეს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება. ეს არ არის რღვევის პროცესი, რღვევა სულ სხვა რამეა. უმრავლესობიდან წევრების გასვლა რეალურია და სახეზეა, მაგრამ სიტყვა რღვევა საკმაოდ მძიმეა", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური იუსტიციის სამინისტროს ნაწილი 2018 წლის ივლისში განხორციელებული მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გახდა.
წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე და, მეტიც, მის წასვლაზე მმართველი პარტიიდან გასულ კვირაში ალაპარაკდნენ. ამ დროს კი „ქართულ ოცნებაში" განახლების პროცესი დაიწყო, რომელიც მისმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დააანონსა.
თეა წულუკიანმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია. კონკრეტულად რომელი საკითხი განიხილება იუსტიციის სამინისტროში, რომელიც წულუკიანსა და დანარჩენ მთავრობას შორის ურთიერთობებში „წითელ ხაზს" წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრმა არ დაასახელა. მან ასევე დაამატა, რომ მისთვის თანამდებობა ფასეულობას არ წარმოადგენს.
საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს>>>
„თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი", – განაცხადა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების" განახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში პირველივე ტურში არჩევნების მოგება ვერ შეძლო და ის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა. გამარჯვების მოპოვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე ტურში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში თავად ივანიშვილი ჩაერთო.
ამასთან ერთად საქართველოს მმართველი პარტიისთვის 2019 წლის დასაწყისი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა – დეპუტატებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს „ქართული ოცნების" დატოვება.
შედეგად, პარტიამ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიუხედავად „ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ აღარ სჭირდებათ, რადგან ყველა აუცილებელი საკონსტიტუციო შესწორება მიღებულია, შეუძლებელია ეს მოვლენა პარტიის იმიჯზე არ ასახულიყო.