თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ქართველი ძალოსანი – ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე მამა გახდა.
ტალახაძესა და მის მეუღლეს ანი დემურიას შეეძინათ ქალიშვილი მარიამი. გოგონა თბილისში დაიბადა, მისი წონაა 3,5 კილოგრამი.
ტალახაძე და დემურია გასული წლის ივლისში დაქორწინდნენ.
გასულ სეზონში ტალახაძემ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გაიმარჯვა. ორივე ტურნირი ქართველმა გოლიათმა ზედიზედ მესამედ მოიგო. გარდა ამისა, ქართველმა შტანგისტმა შარშან თავის წონით კატეგორიაში შვიდი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს>>
ტალახაძე 2018 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, ასევე მსოფლიოს საუკეთესო შტანგისტად ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვერსიით. ეს ტიტული ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ მეორედ მიიღო.