თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შემთხვევა დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შუადღისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი. მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მსუბუქი ავტომობილი იპოვა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ეტყობოდა.
შსს–ში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.