თბილისი, 8 მარტი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 16 წლის მოზარდი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე 2 მარტს მოზარდებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც ერთ–ერთმა მოზარდმა სამ არასრულწლოვანს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი კლინიკიდან გაწერეს, ერთი კვლავ განაგრძობს მკურნალობას.
მოზარდი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის იარაღი – დანა სამხილის სახით ამოიღეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ძალადობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.