ამბობენ, 1910 წლის გაზაფხულზე კოპენჰაგენში, ნავსადგურთან შეკრებილი ორი ათეული ქალი – უძველესი პროფესიის წარმომადგენლები მათ მიმართ უხეშ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენო. კოპენჰაგენში მყოფი როზა ლუქსემბურგი კი ძალიან აღშფოთებულა მათი შევიწროების გამო და ქალაქის მერს, თურმე, ახალი, მკაცრად ჩაცმული ქალების დემონსტრაცია მოუწყო.
ამის მერე სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე დამკვიდრდა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე.
მოკლედ, რამდენიც უნდა აირიდონ მამაკაცებმა ამ დღის პასუხისმგებლობა, ვფიქრობთ, უკვე გვიანია. ტრადიცია – ტრადიციაა.
ქალთა დღეს გადავწყვიტეთ იუმორით შევხედოთ ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი და ამისთვის შევარჩიეთ გონიერი ქალბატონი, რომელსაც პირველ რიგში იუმორის გრძნობა აქვს, შემდეგ კი უკვე რეგალიები...
ბათუმელი მწერალი თამარ ნიკურაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი, საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი და მთარგმნელთა კლუბისა და საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის წევრია. შემოქმედების გამო მას წელს პროზა-პოეზიის პრემია „ივერია 2019“ მიანიჭეს.
იმპროვიზებული საუბარი საინტერესო, ექსპრესიული და არაორდინალური გამოვიდა, ისეთი, როგორიც გვსურდა და როგორსაც ველოდით, თანაც ასეთ დღეს...
– ქალბატონო თამარ, ვინ არის თამარი?
– თამარი არის ბავშვი, რომელიც არ აპირებს გაზრდას.
– მაინც რამდენი წლისაა?
– 23 წლის.
– რეალურ ასაკს არ ამხელთ?
– ადრე ერთმა სტუდენტმა ბიჭმა მკითხა, რატომ ამბობენ, რომ ქალს ასაკს არ ეკითხებიანო. არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე – ალბათ იმიტომ, რომ სიმართლეს მაინც ვერ გაიგებ მათგან-მეთქი.
– გასაგებია. კაცები დღემდე იმტვრევენ თავს კითხვაზე, რა სურთ ქალებს?
– ქალებს სიმშვიდე უნდათ.
– ძლიერი მამაკაცები არა?
– ჩემი აზრით, მთავარი, რაც ქალებს უნდათ, საკუთარი ენერგიის რეალიზება და თავისი ადგილის პოვნაა. ისე, მრავლობითში რომ ვსაუბრობ ქალების სახელით, ცოტა მეუხერხულება. მე ხომ ჩემი სახელით ვლაპარაკობ.
– რა ასოციაციებს გაუჩენს სახელი და გვარი თამარ ნიკურაძე ქალებს და დანარჩენ კაცობრიობას?
– ამ ქალბატონის „შემადგენლობა“ ასეთია: მარტივად ფეთქებადი ხასიათი, მეგობრული, მკაცრი, კატეგორიული, სიყვარულით სავსე. შეფუთვა – 1.69 სმ, 68 კგ, ალაგ-ალაგ ჭაღარა, უბრალო; განათლება: ჭკუის სასწავლებლის სტუდენტი, საცხოვრებელი ადგილი: პლანეტა „თამარსი" (რადგან მეგობრები უცხო პლანეტელობაში სდებენ ბრალს).
– პირველი რიგში მწერალი არ ხართ?
– მწერალი? მე თუ მკითხავთ, სოციალური მუშაკი უფრო ვარ, მწერლობაც ხომ ამისთვის გამოვიგონე. „ახალი თაობის საინტერესო მწერალი" წერს ჯადოსნური ჭოგრიტით დანახულ ზღაპრული პერსონაჟებით შენიღბულ თანამედროვეობის რეალურ ყოფაზე, სადაც სიყვარულის, თანადგომის, მეგობრობის და ადამიანური ურთიერთობების სიმცირეა.
– თქვენს წიგნს „ციგრიტი“ დაარქვით. რა არის ციგრიტი?
– ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ციგრიტის შესახებ, ეს არის დაავადება, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს... წიგნების მაღაზიებში! ყველას მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაიკეთეთ აცრა! ჩვენ უკვე ჩავატარეთ აცრები თბილისსა და ბათუმში, თანაც რამდენჯერმე. ახლა თქვენი ჯერია! თანაც, თუ დროულად შევიტყობთ ამ კომპლექსური დაავადების შესახებ, შემდეგ მარტივი იქნება მისი თავიდან აცილება.
– თქვენი 23 წლიდან რამდენი წელი იარეთ მწერლობამდე?
– მწერლობამდე, უფრო სწორად, ავტორობამდე ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესო გზა გამოვიარე. შეიძლება ითქვას, რომ მე ჯერ საკუთარი თავიდან გავედი, ხოლო შემდეგ კვლავ დავბრუნდი მასში. იქამდე, სადაც ახლა ვარ, 40 წელი ვიარე! სიმბოლურია, მაგრამ ფაქტია. წელს 40 გადავიხადე, ლხინისუფალი ვიყავი. მივხვდი, რომ სწორედ ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი აქ, ამ ცხოვრებაში, ამ ცხოვრებისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის, და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში.
– უჩვეულო ამბავი თქვენ ცხოვრებაში...
– უჩვეულო ამბავია, რომ წელს ყოველი დღე მაქვს 40, ასე რომ, ყოველი დღე ჩემი დაბადების დღეა მომავალი დაბადების დღის ჩათვლით. შესაბამისად, სასწაულებიც არ იხევენ უკან და ლამის ყოველი დღე საჩუქრებით მიფერადდება. საერთოდ, ცხოვრება რეალურისა და არარეალურის ნაზავია, ძილი და ღვიძილია. ამის ნათელი დასტური თავად ვარ. ცხოვრებაში ყველაზე უჩვეულო იყო შეგრძნება, რომ შენ შენ არ ხარ (მაშინ, როცა "მე" არ არსებობს).
– ბათუმი ის ქალაქია, სადაც ყოველ დილით იღვიძებთ, კიდევ რა ქალაქია?
– დრო გადის და სოფლები იცლება, ქალაქები იცვლება, სამყარო იზრდება. მასთან ერთად ბათუმიც შეიცვალა თავისი აგებულებით, მაგრამ, საბედნიეროდ, აქ არიან, ჯერ კიდევ შემორჩნენ კოლორიტი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ ბათუმს საკუთარ სულსა და გულში ირეკლავენ და მას იმ სულიერ იდილიას უნარჩუნებენ, რაც ამ ქალაქს პეწს უნარჩუნებს.
– არსებობს ქალური ბედნიერება, აქვს კი ბედნიერებას სქესი?
– ქალური ბედნიერება? მე ვფიქრობ, ბედნიერების ამგვარი დიფერენცირება არ არის მართებული, ვინაიდან ბედნიერება ყველასთვის ერთია, მაგრამ მას სხვადასხვაგვარად ხედავ. ძალიან სუბიექტური ვიქნები, თუ ყველა ქალის მაგივრად ვიტყვი, თუ რა არის ბედნიერებისთვის საჭირო. ჩემ ნაწარმოებში გამოკვეთილი ბედნიერი პერსონაჟი არ არის, თუმცა არიან ქალი პერსონაჟები ბედნიერების მფრინავი სიმპტომებით...
– მილეთის ქალებს რას ეტყოდით?
– ასე მესმის: თუ გინდა იყო ბედნიერი, იქნები! პირადად ჩემთვის ყოველი წამი ბედნიერების მომტანია. ქალებს ვეტყვი: უქმად არ გაფლანგოთ არც ერთი წამი, დატვირთეთ იგი სიყვარულით და სიხარულით თქვენთვის და სხვებისთვისაც! იბედნიერეთ! სამყაროს ვჭირდებით ჯანმრთელი და ბედნიერი ქალები!
– ყველაზე სასურველი საჩუქარი რა იქნება სარვამარტოდ?
– ყველაზე სასურველი საჩუქარი იქნება სახლი სამტრედიის სოფელში, საიდანაც წარმოშობით ვარ...
– გილოცავთ და გისურვებთ...