საქართველოს სერტიფიცირებული მონადირეები ეყოლება

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntნადირობა
ნადირობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონადირეები ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს და სერტიფიკატს მიიღებენ.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოში გაჩნდება კანონმდებლობა, რომელიც ნადირობას დაარეგულირებს, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

ამჟამად საქართველოში ნადირობა ნებადართულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში და მეურნეობებში. ნადირობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია ლიცენზია. ნადირობის სეზონი საქართველოში აგვისტოს მესამე შაბათს იწყება და 1 მარტამდე გრძელდება.

ნადირობის სფერო ის სფეროა, სადაც არის განვითარების პერსპექტივა ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, აღნიშნა დავითაშვილმა. მისი განცხადებით, ეს სფერო უნდა განვითარდეს და ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კანონმდებლობაზე. უკვე შემუშავებულია კონცეფცია და კანონზე მუშაობა 2019 წლის განმავლობაში დასრულდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მონადირეები ვალდებული იქნებიან, ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდები და ჰქონდეთ სერტიფიკატი.

გედები - Sputnik საქართველო
ნადირობის სეზონი დაიხურა: რა ემუქრება ბრაკონიერებს საქართველოში

დავითაშვილის განცხადებით, ნადირობის საკითხები ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგულირდება. სააგენტო ეროვნული საშენი მეურნეობის ბაზაზე შეიქმნა.

როგორც გარემოს დაცვის უწყება განმარტავს, სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის ორგანიზება, კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის ორგანიზება; ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

საშენი მეურნეობა სართიჭალასთან 105 ჰექტარზეა განთავსებული. მეურნეობა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არსებობს. 90-იან წლებში, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა. აქტიური მუშაობა 2014 წლიდან აღდგა.

ყველა ახალი ამბავი
0