თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა უზენაეს სასამართლოს, დაუშვას გამონაკლისი და გაასაჯაროოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის არის მსჯავრდებული.
პროკურატურამ საპატრიარქოს მამალაძის საქმის გასაჯაროებაზე უარი უთხრა>>>
გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„მოგეხსენებათ, ე.წ. ციანიდის საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ, იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას", – ნათქვამია საპატრიარქოს წერილში.
საპატრიარქოს აზრით, საქმის მასალების გასაჯაროების მომხრეა როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის და მოწმის მხარე, საპატრიარქოც და საზოგადოებაც.
საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება 26 თებერვალს საქართველოს პროკურატურისგანაც ითხოვა, თუმცა უწყებისგან უარი მიიღო.
მანამდე საქართველოს საპატრიარქომ მიუღებელი უწოდა დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის საპროტესტო აქციას, რომელმაც თებერვლის დასაწყისში საპატრიარქოს შენობის წინ კარავი გაშალა და დეკანოზის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი ზიარება მოითხოვა.
მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 17 თებერვალს მოხვდა. ექიმებმა მსჯავრდებულს დაუსვეს დიაგნოზი: ჰიპერტონიული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის მომატებით იყო გამოწვეული და ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა). ერთ კვირაში გაირკვა, რომ მამალაძეს აღენიშნება დისოციატიური მოტორული აშლილობა და ის კვლავ საპატიმროში დააბრუნეს, სამედიცინო ნაწილში.
საქმის დეტალები
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
„ციანიდის საქმემ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღწია>>>
ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.
მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.