დასაქმების საიტზე თუ თვის დასაწყისში გამოცხადებულ ვაკანსიებს გავხსნით, არც ისე დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვით ჩვენი კვალიფიკაციის შესაბამის ვაკანსიას. მაგრამ ოჰ! ნეტავ ბოლომდე არ წაგვეკითხა! ეს მოსაბეზრებელი HR-ები, ისევ ამ სამოტივაციო წერილებს ითხოვენ!..
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: HR-ები სულაც არ არიან მოსაბეზრებელი ადამიანები, ეს ჩვენ გვეზარება წერილების წერა. თუმცა მარტივია დაწერო, როცა იცი, როგორ...
ვაკანსიის გამოცხადებისას HR დღის განმავლობაში 100-ზე მეტ რეზიუმესა და სამოტიცავიო წერილს ეცნობა. ადვილად წარმოსადგენია, თუ რამდენად მცირე დრო ეთმობა თითოეული მათგანის განხილვას. ყურადღებას იმსახურებს მხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებიც სრულყოფილად არის შედგენილი. სადაც ტექსტი დაშიფრულად არ წერია, ანუ არ არის გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები. ამიტომ ნუ დაიშურებთ დროს და მოამზადეთ თქვენი კვალიფიკაციის შესაფერისი სამოტივაციო წერილი.
სანამ წერას დაიწყებთ...
გადახედეთ თანაშრომლების პროფილებს www.linkedin.com-ზე. „ლინკდინის“ პროფილი ყველაფერს ამბობს ადამიანის პროფესიაზე. ბევრ დროს არ წაგართმევთ, თუ კარგად შეისწავლით კომპანიის მიზნებსა და კულტურას. ასევე გაარკვიეთ, თუ რა წინააღმდეგობებს აწყდება კომპანია და არც ის იქნება ზედმეტი, თუ კომპანიის კონკურენტების შესახებ ინფორმაციას მოიძიებთ. როდესაც კომპანიას უკეთესად გაიცნობთ, ბევრად უფრო მარტივი ხდება ხარისხიანი სამოტივაციო წერილის შედგენა.
იმ შემთხვევაში, თუ რეზიუმეში მითითებულ ინფორმაციას სამოტივაციო წერილში გადმოწერთ, ნუ ჩათვლით, რომ გამეორება ცოდნის დედაა. ამის ნაცვლად უმჯობესია მოყვეთ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების თაობაზე, რომელიც მიესადაგება ფირმის საქმიანობას.
ტექსტი შეადგინეთ 3-4 აბზაცისგან და ასახეთ განსხვავებული შინაარსის საჭირო ინფორმაცია.
აბზაცი N1
წერილის დაწყებისას თავი გააცანით მკითხველს. დაიწყეთ თარიღით და საკონტაქტო ინფორმაციით, სადაც წერთ თქვენ სახელს, გვარს, პოზიციას და ტელეფონის ნომერს.
თავაზიანობა მოითხოვს მისალმებას და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მკითხველის სახელი. პირველი აბზაცი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ რა არის წერილის გაგზავნის მიზანი (პროფესიული ინტერესი, სამომავლო პერსპექტივა, გამოცდილება...). მიუთითეთ პირველწყარო, საიდანაც აღნიშნული ვაკანსიის შესახებ შეიტყვეთ.
აუცილებლად ახსენეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
მაგალითად: ქალბატონო/ბატონო _____ ან პატივცემულო ____
ჟურნალისტიკაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება ვაკანსიის შევსების საშუალებას მაძლევს. მიმუშავია უამრავ წარმატებულ კომპანიასთან და მსურს ჩემი ცოდნითა და ენთუზიაზმით დავეხმარო თქვენს კომპანიას განვითარებაში, რაც ჩემთვის კარიერული წახალისებაც იქნება. ვფიქრობ, სრულად ვაკმაყოფილებ იმ ჩამონათვალს, რომელიც თქვენი კომპანიის მიერ ჟურნალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე არის საჭირო, აღნიშნული ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ...
აბზაცი N2
მეორე აბზაცში უნდა აღწეროთ – რას სთავაზობთ დამსაქმებელს. ჩამოთვალეთ შემაგულიანებელი მოტივები, რომლებმაც გადაგაწყვეტინეს გამხდარიყავით ამ თანამდებობის დაკავების პრეტენდენტი.
დააკავშირეთ თქვენი გამოცდილება ვაკანსიის მოთხოვნებთან. მოყევით უნარების შესახებ, რომელიც შეესაბამება გამოცხადებულ ვაკანსიას. გამოიყენეთ ჩამონათვალის ფორმატი, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს სწრაფად გადაავლოს თვალი წერილს.
შეგიძლიათ, საკუთარ სუსტ მხარეებზეც მიუთითოთ, თუმცა უნდა ახსნათ ამისი მიზეზი და ის, თუ როგორ აპირებთ მათ გამოსწორებას. გულწრფელი აღიარება და ნაკლის გამოსწორების სურვილი დადებითად განაწყობს მკითხველს. მთავარია, ზომიერება დაიცვათ.
აბზაცი N3
მესამე აბზაცში შეაჯამეთ თქვენი სათქმელი და კიდევ ერთხელ შეახსენეთ: მიღებული განათლება და გამოცდილება მაძლევს საშუალებას თამამად განვაცხადო, მაღალ დონეზე შემიძლია ვუხელმძღვანელო თქვენს ფილიალს და მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო კომპანიის წარმატებაში.
სამოტივაციო წერილის დასკვნით ნაწილში თავაზიანობა ისევ მოითხოვს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის წინასწარ მადლობის გადახდას. გამოთქვით შეხვედრის სურვილი, რათა პირადად გაეცნოთ. წერილს ასრულებთ ტრადიციული მიმართვით: მადლობას მოგახსენებთ დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის. პატივისცემით, სახელი და გვარი.
ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ კარგია, თუ წერილი ერთ გვერდს არ აღემატება.
სამოტივაციო წერილის შედგენისას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ იუმორს. იუმორზე ბევრად ეფექტურია პირდაპირი და დინამიკური ტექსტები. მაგალითად: „სანამ კითხვას განაგრძობთ, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ორ მიზეზს, თუ რატომ ვარ ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატი“ და ასე შემდეგ.