თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ინდოეთის გუნდთან ყაიმით 2:2 დაასრულა.
საქართველოს ნაკრებში ერთადერთი გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა, რომელმაც შავი ფიგურებით რუტ პადმინი დაამარცხა. მერი არაბიძემ, რომელიც თეთრი ფიგურებით თამაშობდა, სოუმია სვამინატანთან წააგო, ხოლო ბელა ხოტენაშვილისა და სალომე მელიას მონაწილეობით პარტიები ყაიმით დასრულდა.
ტურნირის მეორე დღეს ქართველი მოჭადრაკეები ჩინეთის გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელიც ტურნირში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად ითვლება. პირველ მატჩში მათ უნგრეთის ნაკრები დაამარცხეს.
ჭადრაკში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 14 მარტამდე გასტანს, ტურნირში ქალთა და მამაკაცთა ათ-ათი გუნდი ასპარეზობს.
მამაკაცთა შორის მსოფლიო პირველობის მოქმედი გამარჯვებული ჩინეთის ნაკრებია, ქალთა შორის კი რუსეთის გუნდი.
გასულ წელს საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.