ქართველი რეჟისორი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას შესახებ ფილმს იღებს

© photo: courtesy of JS Films and FX Filmsკადრი ფილმის თიზერიდან ლესია უკრაინკას შესახებ
კადრი ფილმის თიზერიდან ლესია უკრაინკას შესახებ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის ტიზერი გამოირჩევა მაღალი მხატვრული დონით, სივრცითი ესთეტიკითა და ლამაზი, რეალისტური სახეებით.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქართველი რეჟისორი ნანა ჯანელიძე გადაიღებს დრამატულ ფილმს ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ბიოგრაფიული ფილმის ტიზერი უკვე გავრცელდა ინტერნეტში და ფურორი მოახდინა. ფილმისა და ტიზერის სცენარი თავად ნანა ჯანელიძემ დაწერა. იდეა ეკუთვნის საპროდიუსერო კომპანიებს JS Films და FX FILM Georgia.

„ტიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში – დრო, რომელიც მან სერგეი მერჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს გაატარა. სწორედ მაშინ, ერთ ღამეში ლესია უკრაინკამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა – „შეპყრობილი" დაწერა", – აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

რეჟისორის განცხადებით, ტიზერის გადაღება გადამღები ჯგუფისთვის თავისებური გამოცდა იყო.

„ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა", – განაცხადა ნანა ჯანელიძემ.

ფილმის პროდიუსერებმა იულია სინკევიჩმა და მარია მოსკალენკომ აღნიშნეს, რომ მაყურებელი პოეტ ქალს ახალი სახით დაინახავს.

© photo: National Library of Georgiaლესია უკრაინკა
ქართველი რეჟისორი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას შესახებ ფილმს იღებს - Sputnik საქართველო
ლესია უკრაინკა

„ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალ ფაქტებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით", – აღნიშნეს პროდიუსერებმა.

ტიზერში, რომელიც კიევში გადაიღეს, ლესია უკრაინკას როლს ასრულებს დარია პოლუნინა. რგოლის ოპერატორია მიშა მარკოვი, დამდგმელი მხატვარი – იური ლარიონოვი. მსახიობების კოსტიუმებზე იმუშავეს მხატვრებმა ანტონინა ბელინსკაიამ და გალინა სოკოლოვსკაიამ.

ფილმის გადაღებები დაგეგმილია უკრაინასა და საქართველოში. ამ ეტაპზე პროექტი დამუშავების სტადიაში და დაფინანსების ძიებაშია.

ლესია უკრაინკა უკრაინელი მწერლის ფსევდონიმია, ნამდვილი სახელი და გვარია ლარისა კოსაჩ-კვიტკა (1871, ნოვოგრად-ვოლინსკი, ახლანდელი ჟიტომირის ოლქი – 1913, საქართველო), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და მწერალი ქალია უკრაინულ ლიტერატურაში.

ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი სურამში - Sputnik საქართველო
ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ლესია უკრაინკა საქართველოში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას მან შექმნა საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები – „ტყის ზღაპარი", „ქვის ბატონი", „რუფინი და პრისცილა". ასევე დაწერა სახელმძღვანელო „აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია", რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია.

ლესია უკრაინკა 1913 წლის 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს) სურამში გარდაიცვალა. ის სამშობლოში გადაასვენეს და კიევში დაკრძალეს.

სურამში არის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი, რომლის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო- და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი იყო პოეტი გიორგი ლეონიძე.

ლესია უკრაინკას პატივსაცემად საქართველოში ყოველ წელს აღინიშნება ტრადიციული დღესასწაული „ლესიაობა".

ყველა ახალი ამბავი
0