ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

© photo: Georgian Heritage / FBლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი სურამში
ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი სურამში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. სურამში ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 თებერვალს ლესია უკრაინკას დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე სურამში პოეტის ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე იური რიბაჩუკი, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

უწყების ცნობით, სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს. 

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2019 წლის გაზაფხულისთვის დაასრულებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კი სარეაბილიტაციო პროცესი ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ბოლომდე გასტანს.

„რეაბილიტაციის პროცესი სახლ-მუზეუმის შენობის კონსტრუქციის გამაგრებასთან და მისი ინტერიერის მოწყობასთან ერთად ეზოს გალავნის გამაგრებასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურულად მოეწყობა სახლ-მუზეუმის ეზოც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტი ასევე მოიცავს სახლ-მუზეუმის თანამედროვე მუზეუმოგრაფიასაც, რაც სამომავლოდ კულტურულ სივრცეს მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს.

მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურად იქნება ჩართული. 

ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო - Sputnik საქართველო
საამაყო პირველი სკოლა და შესანიშნავი ნემიროვიჩ-დანჩენკო

ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო- და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.

ლესია უკრაინკა უკრაინელი მწერლის ფსევდონიმია, ნამდვილი სახელი და გვარია ლარისა კოსაჩ-კვიტკა (1871, ნოვოგრად-ვოლინსკი, ახლანდელი ჟიტომირის ოლქი, 1913, საქართველო) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და მწერალი ქალი უკრაინულ ლიტერატურაში.

ლესია უკრაინკა საქართველოში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას მან შექმნა საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები – „ტყის ზღაპარი“, „ქვის ბატონი“, „რუფინი და პრისცილა“. ასევე დაწერა სახელმძღვანელო „აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია”, რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია.

ლესია უკრაინკა 1913 წლის 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს) სურამში გარდაიცვალა. ის სამშობლოში გადაასვენეს და კიევში დაკრძალეს.

ლესია უკრაინკას პატივსაცემად საქართველოში ყოველ წელს აღინიშნება ტრადიციული დღესასწაული „ლესიაობა“.

ყველა ახალი ამბავი
0