ძალიან დილა მშვიდობისა!
მინდა მოგახსენოთ მოწიწებითა, რომ ამ დილით გელოდებით მხოლოდ კომფორტულად თაღახსნილი კაბრიოლეტებითა და მოოქროვილი ეკიპაჟებით (გემუდარებით, მსხლისფერი და უჯრედებიანი ტაქსები არ დამანახოთ), რადგან საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩემნაირი გენების მატარებელ ქალს მინიმუმ ორი გვარი მაინც უნდა ამშვენებდეს. ანუ, მამის მხრიდან უნდა ვიყო ლელა ანჯაფარიძე-ბარათაშვილი, ან დედის მხრიდან — ლელა ანჯაფარიძე-ნესტერენკო-ვოიცეხოვსკაია-საკენ ფონ ოსტენი.
და სულ ტყუილად ნუ შეწუხდებით ჩემი უნებლიედ ჩამოცურებული გიპიურის ხელთათმანის ასაღებად, თუ, მინიმუმ, გრაფი ან ბარონი არ ბრძანდებით.
ისე კი, სიმართლე რომ გითხრათ, ასე იმიტომ ვემზადები, რომ დღეს ჩვენი აივნის სტუმარია ასევე ორგვარიანი კაცი, რომლის სახელი და გვარი ამოტვიფრულია თბილისის ყველაზე მთავარი — პირველი კლასიკური გიმნაზიის მარმარილოს დაფაზე.
ეს გახლავთ რუსი დრამატურგი, მწერალი, თეატრის თეორეტიკოსი და რეჟისორი ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1858 წლის 23 დეკემბერს.
ჩემთვის ეს კაცი განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან როდესაც ჩემმა უკრაინელმა დედიკომ განაცხადა, რომ პრინციპულად არ შემიყვანდა რუსულ სკოლაში, რომ მაინც და მაინც რუსთაველზე, აკაკისა და ილიას ძეგლის უკან მდგარ სკოლაში მიმაბარებდა, სადაც ჩემი მამა და ბიძა სწავლობდნენ, ჩემი ოჯახის წევრებმა დაასკვნეს, რომ ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: პირველი, რომ ეს სკოლა ლესია-უკრაინკას ქუჩაზე მდებარეობდა და მეორეც, რომ იქ სწავლობდა დედაჩემივით უკრაინელი ნემიროვიჩ-დანჩენკო…
რაღა თქმა უნდა, პირველ სკოლაში ჩემი შეყვანის მთავარი მიზეზი ყველამ ვიცოდით. უბრალოდ, დედას ძალიან უყვარდა მამა და უნდოდა, რომ მე იმ დროისთვის თბილისის ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ ქართულ სკოლაში მესწავლა. არადა, ჩვენი სახლის გვერდით შესანიშნავი ფრანგული 23-ე სკოლა იყო.
რას ვიზამდი? ვდგებოდი ძალიან ადრე, გავდიოდი მარჯანიშვილის თეატრთან, დიდი გალაკტიონის სახლის წინ, ტროლეიბუსების გაჩერებაზე, მერე, როგორც წესი, ჩემ მეზობელ სანდრო ჟორჟოლიანთან ერთად ვჯდებოდი N2 ან N3 ტროლეიბუსში, რომელიც სულ 4 კაპიკად მიმაქროლებდა ბედნიერი საბჭოთა კოლმეურნე ქალისა და, სავარაუდოდ, მასზე შეყვარებული ბედნიერი მუშა კაცის მონუმენტამდე, საიდანაც სულ რამდენიმე ნაბიჯში ჩემი სკოლის ულამაზესი ჭიშკარი მხვდებოდა.
ამ გზით დავდიოდი ათი წელი მანამ, სანამ ოქროს მედალი არ ავიღე, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მეამაყება.
რაც შეეხება ჩვენი აივნის მთავარ გმირს, ჩემ სკოლელსა და, სხვათა შორის, ოზურგეთელ ნემიროვიჩ-დანჩენკოს, ის მართლაც საოცარი კაცი იყო.
მართალია, ნემიროვიჩ-დანჩენკო, ჩემგან განსხვავებითა და ჩემი მამიკოს მსგავსად მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა, მერე ჩემსავით მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ვერ დაამთავრა (მე წითელი დიპლომი ავიღე), მაგრამ „რატომღაც“ პირველი გიმნაზიის საპატიო დაფაზე ამოტვიფრულია მისი და არა ჩემი სახელი…
და ეს იმიტომ, რომ მართლაც საოცრად ნიჭიერი კაცი გახლდათ. დიპლომი აქ არაფერ შუაშია.
მე მას სულ ორიოდე სიტყვით დავახასიათებ, მეტი არ სჭირდება: ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო იყო მეიერჰოლდის მასწავლებელი; მან სტანისლავსკისთან ერთად დააარსა მოსკოვის შესანიშნავი სამხატვრო აკადემიური თეატრი (МХАТ) და სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა მის სამხატვრო ხელმძღვანელად.
ის ძალიან ემოციური ადამიანი ბრძანდებოდა. ერთხელ, რეპეტიციის დროს ნემიროვიჩ-დანჩენკომ განსაკუთრებულად გამოხატა უკმაყოფილება ერთ-ერთი მსახიობის თამაშთან დაკავშირებით. წამოხტა და ხმამაღლა ყვირილი დაიწყო. ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან ყველა შეჩვეული იყო მისი ემოციების ფრქვევას. არადა, აღმოჩნდა, რომ რეჟისორს ჯიბეში ასანთი აფეთქებია და კინაღამ ცოცხლად დაიწვა.
მთავარი კი, რასაც, როგორც წესი, ილუზიონისტივით ბოლოში ვიტოვებ, იცით, რა არის?
1896 წელს ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკომ უარი განაცხადა გრიბოედოვის სახელობის პრემიის მიღებაზე, რადგან მიაჩნდა, რომ ამ ჯილდოს იმ წელს დადგმული ანტონ ჩეხოვის პიესა „თოლია“ იმსახურებდა!
და კიდევ ერთი მისი დადებითი თვისება, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია: მას ჰყავდა მეუღლე, ულამაზესი ეკატერინა კორფი, რომელთანაც ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა და სულ ბოლოს თქვა, რომ ერთადერთი, რაც მას აცხოვრებდა და უხაროდა, იყო მისი კატიას საოცარი თავდაჭერილობა, ამოუცნობი, პეპლებიანი ნაკადულებისგან ნაბოძები სიხალისე და უსაზღვრო პატივისცემა მისდამი.
ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს საყვარელი გამოთქმა იყო შჩეპკინის სიტყვები:
„არ არსებობს პატარა როლები, არსებობენ პატარა არტისტები“.
თავად ის ნამდვილად დიდი არტისტი და დიდი ადამიანი იყო — დიდი, ესე იგი ნიჭიერი, გულწრფელი და ბოლომდე გახსნილი.
იმდენად გახსნილი და ლაღი, რომ სცენიდან პარტერამდე (ანუ ცხოვრებამდე) სულ ერთი ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი, სცენიდან ბენუარის ლოჟამდე კი (ანუ ოცნებამდე) — ერთ-ნახევარი…
გისურვებთ ბედნიერ, მშვენიერ და ოცნებისკენ ნაბიჯნახევარგადადგმულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე