თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თითქმის 4 წლის შემდეგ დამნაშავედ ცნო ზაზა ართმელაძე სამი ბავშვის დაღუპვაში - 2015 წლის მაისში ისინი ქობულეთში მამამისის სასტუმრო „არმაზში“ მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.
სასტუმრო „არმაზში“ ხანძრის საქმემ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. აალების დროს იქ იმყოფებოდა ათობით ადამიანი, მათ შორის რუსთავის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლ „სიხარული 2"-ის წევრები. 45-მა ადამიანმა, მათ შორის 31-მა მოზარდმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა შეძლო. მაშველებმა 10-დან 12 წლამდე ასაკის სამი ბავშვის გამოყვანა ვერ შეძლეს.
იმავე წლის ნოემბერში დააკავეს ართმელაძე, ხოლო 2016 წლის აპრილში ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 2017 წლის მაისში ართმელაძემ თავი მოიკლა, მაგრამ სასამართლო მაინც გაგრძელდა.
ორი ტრაგედია სასტუმროში: ხანძარი მსხვერპლით და თვითმკვლელობა ქობულეთში >>
ართმელაძის ოჯახის ადვოკატი თემურ ქავშბაია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„ეს გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ საქმეს“, - განაცხადა ქავშბაიამ.
მანამდე ადვოკატმა გაუგებარი უწოდა იმ ფაქტს, რომ საქმე აღიძრა ზაზა ართმელაძის წინააღმდეგ, რომელიც არ იყო სასტუმროს არც მეპატრონე, არ დირექტორი და საერთოდ იქ არანაირ თანამდებობას არ იკავებდა.
დაღუპული ბავშვების ნათესავები მომხდარში ართმელაძეს არ ადანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვები ანსამბლის პედაგოგების დაუდევრობის გამო დაიღუპნენ და ხელახალი გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.