თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქობულეთში სასტუმრო „არმაზის" მეპატრონის შვილმა ზაზა ართმელაძემ თავი მოიკლა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" გარდაცვლილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
სასტრუმრო „არმაზში" 2015 წლის მაისში ხანძარი გაჩნდა და სამი ბავშვი დაიღუპა. ბავშვები რუსთავის ფოლკლორული ანსამბლ "სიხარული 2"-ის წევრები იყვნენ. ზაზა ართმელაძე 2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2016 წლის აპრილში მაგისტრატმა სასამართლომ მას აღკვეთის ზომა 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა.
„ის (ართმელაძე) წინასწარ პატიმრობაში იყო, თუმცა, მალე პატიმრობა გირაოთი შეცვალეს, ანუ ეს ადამიანი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი გრძელდება და სინამდვილეში ყველაფერი იქით მიდის, რომ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს მიიღებენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, საპატიმროში გატარებულმა თვეებმა მასზე ძალიან იმოქმედა და ის მორალურად მტკიცე არ იყო… ვფიქრობ, ყოველივე ამან იმოქმედა ამ ადამიანზე და როგორც ჩანს, იქამდე მივიდა, რომ თავი მოიკლა", — განაცხადა კაკაბაძემ.
ართმელაძის ცხედარი დამწვარ სასტუმროში იპოვეს.
სასტუმროში ხანძრის შემდეგ ართმელაძე თავის დიდ ოჯახთან ერთად უსახლკაროდ დარჩა და სანაპიროს კაფეში ცხოვრობდა.
სისხლის სამართლის საქმის გარდა, ართმელაძეს ჰქონდა ბანკის ვალებთან დაკავშირებული სამოქალაქო დავები. ცოტა ხნის წინ ბანკებმა მას 400 ათასი აშშ დოლარის გადახდა დაავალდებულეს.
გარდაცვლილის ადვოკატმა გაუგებარი უწოდა იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ზაზა ართმელაძის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ის არ იყო არც მფლობელი, არც დირექტორი და დაწესებულებაში არანაირი თანამდებობა არ ეკავა.
რაც შეეხება ტრაგედიის დეტალებს, სასტუმროში ხანძრის დროს ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა. 45-მა ადამიანმა, მათ შორის, 31-მა ბავშვმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოახერხა. მაშველებმა ვერ მოახერხეს სამი — 10-12 წლის ბავშვების ევაკუაცია.
ექსპერტიზის მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.
საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ართმელაძეს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში დასდეს ბრალი, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.