თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ 15 იანვრიდან 22 თებერვლის პერიოდში ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში 190 თანამშრომელი გაათავისუფლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა>>>
რეორგანიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის ივლისში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდა. სამინისტროში დეკემბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახური ამოქმედდა. თავიდან ათი სამსახური იყო, ახლა კი რვა სამსახურია.
იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელთაც რეორგანიზაცია შეეხოთ, აღნიშნულის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული. მათ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო მიეცათ.
აღნიშნული ცვლილებების მიზანი იყო სამოქალაქო დანაყოფების შემცირება, ასევე სპეციალურ დანაყოფებში ზოგიერთი პოზიციის გაუქმება, რამაც შესაძლებელი გახადა სპეციალურ დანაყოფებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ხელფასის ზრდა.
ამასთან, სამინისტრომ ესკორტის ოფიცერთა კორპუსის 555 საშტატო ერთეულამდე გაზრდა გადაწყვიტა, რათა არ მომხდარიყო თანამშრომელთა სიმცირის გამო სასამართლო სხდომების გადადება. მათგან 400 ადგილი ყოფილი პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა დაიკავეს, 60 ოფიცერი კი კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს. დანარჩენი ადგილები კონკურსის შედეგების საფუძველზე შეივსება.
ამასთან, რეფორმებმა ხელი შეუწყო პენიტენციური სამსახურის სისტემაში იმ პრაქტიკის აღმოფხვრა, რომლის თანახმად, თანამშრომლები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სისტემატურად იღებდნენ რამდენიმე ტიპის დანამატს.
ყველა დანამატი თანამდებობრივ სარგოსთან გაერთიანდა და ამიერიდან თანამშრომლები მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში პრემიას მიიღებენ.