აქ წელიწადში ორჯერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან კულინარიის ჯადოქრები ჩადიან, რათა იქ თავისი ქვეყნის გემოსა და სურნელის დემონსტრირება მოახდინონ. თებერვლის თვეში საფრანგეთში გამართულ მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე პირველად წარდგა საქართველოც. ეს პატივი ხვდა 11 ქართველ მზარეულს, რომელთა შორის გახლდათ ლევან ჩხეიძე, რომელიც უფრო ახლოს გვსურს გაგაცნოთ.
ქართველი შეფ-მზარეული პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ კულინარიისადმი მისი ინტერესი დიდი ხანია საკუთარი სამზარეულოს ფარგლებს გასცდა. ყველაფერი 22 წლის ასაკში დაიწყო. ამ საქმეში, სადაც 2007 წლიდანაა, უკვე საკმაოდ წარმატებულია. სპეციალური განათლება, საკუთარი ნიჭის წყალობით, სხვადასხვა რესტორნებსა და შეფებთან მუშაობით მიიღო.

– ბატონო ლევან, ამბობენ, საუკეთესო კულინარები მამაკაცები არიანო, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– ეს ოდნავ სადავო თემაა, რადგან ბევრი წარმატებული ქალი შეფია, რომელთაც არანაკლებად „გემრიელი ხელი“ აქვთ. ამიტომ ასე მარტივად ვერ გამოვყოფ ვერც კერძს და ვერც სქესის მიხედვით ვიმსჯელებ ვინმეს პროფესიონალიზმზე. არ არსებობს კერძი, რომელსაც შეფი ვერ გააკეთებს.

– ქართველი შეფი, ანუ, ამ შემთხვევაში თქვენ როგორ მოხვდით მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე?
– საქართველოს კულინარიის ფედერაციის და გასტრონავტების ორგანიზატორობით საქართველო პირველად წარდგა ლიონში მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე Sirha. ჩვენ ვიყავით 25-ე ქვეყანა, რომელიც მიწვეული იყო ამ გამოფენაზე. ის მიმდინარეობდა ხუთი დღის განმალობაში, სადაც ორგანიზატორების მიერ შერჩეულმა შეფების გუნდმა წარვადგინეთ ქართული სამზარეულო თავისი ავთენტური კერძებით, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მოწონება მოიპოვა. ქართულმა კერძებმა და განსხვავებულმა გემომ გამოფენაზე მისული პროფესიონალები და სტუმრები ერთნაირად აღაფრთოვანა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, თვალყურს ვადევნებდით მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც გავიცანით საინტერესო შეფები, რომლებსაც მიშლენის ვარსკვლავი ჰქონდათ მინიჭებული.

– ქართული სამზარეულოდან კერძების სამეულში რომელს შეიყვანდით?
– ოოო, ქართული სამზარეულო იმდენად გემრიელია, რომ მიჭირს სამი კერძის გამოყოფა, მაგრამ შევეცდები. ეს არის: აჭარული ხაჭაპური, რა თქმა უნდა, ხინკალი და ჩაქაფული. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ნაციონალური სამზარეულო სანელებლების გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ერთ-ერთია, რის ხარჯზეც კერძები განსაკუთრებულ გემოს იძენს. სწორედ ეს განასხვავებს ქართულ კულინარიას მსოფლიო კულინარიისგან.

– თქვენი ოჯახის სამზარეულოში ვინ არის შეფი?
– ოჯახში სამზარეულოს თავიდან ბოლომდე ვანდობ ჩემს მეუღლეს, რომელსაც უგემრიელესი ხელი აქვს. გემოზე სადავო არასდროს გვაქვს. ძირითადად ქართული სამზარეულოს გარშემო ვტრიალებთ. ის, რაც ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს, ხინკალია.

– მართალია, როცა ამბობენ, ხინკალი დიეტური საკვებია, რადგან მასში მოხარშული ხორცი და ცომიაო, თუ ეს მითი ხინკლის მოყვარულმა ქალბატონებმა შექმნეს?
– რა გითხრათ? ალბათ სასურველი იქნებოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ გემრიელი ხინკალი დიეტური ნამდვილად არ არის. ასე რომ, სავარაუდოდ, ქალბატონების მიერ გამოგონილი ეს მითი უნდა დავამსხვრიო.

– ისე, რამდენად შესაძლებელია, რომ გემრიელი კერძი სასარგებლოც იყოს და დიეტურიც?
– სწორედ ეს არის დღეს „ტრენდული“, რომ კერძი, პირველ რიგში, სასარგებლო, გემრიელი და ჯანსაღი იყოს. ჩემი ყველა კერძი საკუთარი ფანტაზიის შედეგია. ზუსტად ეს არის შეფებისთვის სახასიათო – რომ შექმნა საკუთარი და, თანაც, საუკეთესო კერძი.

– იმის მიხედვით, ვის როგორი კერძი უყვარს, თუ შეგიძლიათ ადამიანის ხასიათის ამოცნობა?
– ამა თუ იმ ადამიანის საყვარელი კერძის მიხედვით მისი ხასიათის ამოცნობა არ შემიძლია, მაგრამ ამა თუ იმ კერძით ნამდვილად შესაძლებელია, რომ ვინმეს ხასიათი და კარგი განწყობა შევუქმნათ.

– პროფესიით ფინანსისტს თუ შეგიძლიათ ეკონომიურად შეძენილი პროდუქტებით მაქსიმალურად გემრიელი კერძის მომზადება?
– გემრიელი კერძის მომზადება მინიმალური დანახარჯით? – რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გააჩნია ადამიანის ფანტაზიას.
– რას ურჩევდით ან უსურვებდით გურმანებს?
– მხოლოდ ერთს – Bon appetit!..