კარასინი: მოსკოვი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის მუშაობით სერიოზულად შეშფოთებულია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა კვლავ დაგმო თბილისში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება კვლავ შეშფოთებულია თბილისში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობით, განსაკუთრებით, იქ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ექსპერტების მონაწილეობის გამო, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

რუსმა დიპლომატმა გუშინ პრაღაში მორიგი შეხვედრა გამართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.

„ისე მოხდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე ამჯერად ჩემ ქართველ პარტნიორთან მოლაპარაკებებზე არ გვილაპარაკია, მაგრამ რუსეთის პოზიცია ამ საკითხში უცვლელი რჩება. ლაბორატორიის საქმიანობა ჩვენში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, და ეს კარგად იცის ქართულმა მხარემ", – განაცხადა კარასინმა.

დიპლომატის თქმით, თბილისი, ლაბორატორიაში სხვადასხვა ექსპერტის სტუმრობით, ცდილობს მოსკოვის შეშფოთების გაფანტვას, მაგრამ ეს შეშფოთება არა მხოლოდ რჩება, არამედ იზრდება კიდეც, რადგან მსგავსი ლაბორატორიები ეპიდემიებთან ბრძოლას არაფერს მატებენ.

ექსკურსია ლუგარის ცენტრში თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის განმარტებებმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მოსკოვი ვერ დაარწმუნა

„ხოლო ეჭვები ლუგარის ლაბორატორიის ჭეშმარიტ მიზნებთან დაკავშირებით მხოლოდ იზრდება. მით უმეტეს, რომ იქ, როგორ არაერთხელ აღგვინიშნავს, არიან აშშ-ის სახმელეთო ჯარების ექსპერტები და, გაუგებარია, რას აკეთებენ იქ", – აღნიშნა კარასინმა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში კონტაქტები ქვეყნებს შორის ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ლუგარის ლაბორატორია

ე.წ. ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, ალექსეევკაში 2011 წლის მარტში გაიხსნა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ – შსს-ს, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური ცდები არ ტარდება

სკანდალი ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ მოსკოვში 2018 წლის 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აღნიშნა, რომ შესაძლოა ლაბორატორიაში ტარდებოდეს ექსპერიმენტები ადამიანებზე, რომლებიც ლეტალური შედეგებით სრულდება.

ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებამ მკაცრი განცხადებები გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბიოლოგიური დაცვის მაღალი დონის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, სინამდვილეში კი მას პენტაგონი მართავს. ის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევების შესწავლის მიზნით აშშ-ის ინტერესებში გამოიყენება.

ლაბორატორიაში 14-15 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო სემინარი, რომელშიც 17 ქვეყნის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ღონისძიება, სამეცნიერო საკითხების განხილვასთან ერთად, ემსახურებოდა სკანდალური ჭორების გაქარწყლებას ადამიანებზე მიმდინარე ექსპერიმენტების შესახებ, რომელიც თითქოს საქართველოს ჯანდაცვის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაში ტარდება. სემინარზე რუსი სპეციალისტებიც მიიწვიეს, თუმცა რუსეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ეს ღონისძიება არასაკმარისად მიიჩნია იმისათვის, რომ ცენტრის საქმიანობას ნათელი მოეფინოს.

ყველა ახალი ამბავი
0