კარასინი აბაშიძისა და ივანიშვილის შეხვედრის გამო ატეხილი აჟიოტაჟით დაინტერესდა

გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ უარყო ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის გზავნილი წაიღო.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დაინტერესდა იმ აურზაურით, რომელიც ქართულ მასმედიაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრას მოჰყვა მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან პრაღაში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე.

პრაღაში გუშინ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა, ტრადიციულად, განიხილეს თანამშრომლობის ჰუმანიტარული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები.

რაც შეეხება ივანიშვილს, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში სწორედ ის იყო ფორმატის „აბაშიძე-კარასინი" ინიციატორი. მაშინ ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

„მკითხა მან (კარასინმა), რატომ ატყდა ხმაური ქართულ მედიაში ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი. ბატონი ივანიშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა, მასთან შეხვედრა, მისი ინფორმირება პრაღაში მიმდინარე ჩვენი დიალოგის შესახებ ნორმალურ მოვლენად მიგვაჩნია", – განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ს ტელეფონით.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილისგან არ მიუღია დავალება იმის თაობაზე, თუ რაზე უნდა ელაპარაკა კარასინთან შეხვედრისას.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საუბარი რუსეთისა და საქართველოს ლიდერების შეხვედრაზე ნაადრევია

„ბატონი ბიძინა ჩემი ინიციატივით ჩავაყენე საქმის კურსში, მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დიალოგი პრაღაში და სად ვართ იმ თემების განხილვისას, რაც ჩვენი მანდატისთვის არის გათვალისწინებული. ასეთ შეხვედრები ნორმალურია. ბატონი ბიძინა არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ის უნდა იყოს საქმის კურსში ისეთ სერიოზულ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის ქართულ-რუსული ურთიერთობები", – განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან ერთად აბაშიძემ აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე მიდის საგარეო უწყებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და შეხვედრების დეტალებზე იქ ისაუბრებს.

მასმედიისა და ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ აბაშიძემ კარასინს ივანიშვილის გზავნილი გადასცა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი რა უფლებამოსილებით აგზავნის რაიმე გზავნილს რუსეთში", – განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ და კარასინმა პრაღაში მოლაპარაკებები გამართეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ აბაშიძე მისი წარმომადგენელია და მის შეხვედრაში ივანიშვილთან არანაირი ქვეტექსტი არ იგულისხმება.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში კონტაქტები ქვეყნებს შორის ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0