აბაშიძემ და კარასინმა პრაღაში მოლაპარაკებები გამართეს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია, განაცხადა აბაშიძემ პირველი არხის ეთერში.

არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

საქართველომ რუსეთთან შეთანხმების ფარგლებში უწყებათაშორისი კომისია შექმნა >>

მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, ასევე „ყაზბეგი–ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.

„მთავარი მიზანი და ამოცანაა, ყველაფერი მოხდეს 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად და ამ თვალსაზრისით არავითარ დარღვევასა და გადახვევებს არ ჰქონდეს ადგილი. რაც მოვისმინე, დაახლოებით ასეთივე პოზიცია აქვთ მათ. ასე რომ, ახლა მუშაობა უნდა გაგრძელდეს და, რამდენადაც ვიცი, ექსპერტთა კონტაქტი ახლო მომავალში კიდევ ერთხელ შედგება“, – განაცხადა აბაშიძემ.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ მოიგო

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ სერიოზული გარღვევა მოსალოდნელი არ არის.

„მართალი გითხრათ, დიდ სიახლეს არც ველოდით და არც გვაქვს ილუზია, რომ რაღაც დიდი გარღვევა მოხდება შეხვედრებზე, დიდი პროგრესი ან წინსვლა, საერთოდ არ ვიყენებთ ამ ტერმინოლოგიას. ეს იყო ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა პრაღის ფორმატში“, – განმარტა აბაშიძემ.

მისი თქმით, პრაღაში იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.

„შევაჯამეთ გასული წლის მონაცემები, ვისაუბრეთ მიმდინარე წლის პერსპექტივებზე პრაქტიკული მიმართულებებით – სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით. ვეცადეთ მოგვეგვარებინა ჩვენი კომპანიების, ცალკეული პირებისა თუ ბიზნეს-წრეების ინტერესები და პრობლემები“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან შეხვედრის დიდი ნაწილი სავაჭრო ურთიერთობებს მიეძღვნა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის.

მკაცრი გაფრთხილება

შეხვედრის დაწყებამდე გრიგორი კარასინმა საქართველო რაღაც „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ გააფრთხილა.

„რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზით არის მზად თავად საქართველო. ძალიან ბევრი მესიჯი მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მესიჯი გულისხმობს იმას, რაც ვთქვი, რომ უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება ყველა სფეროში და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, ვინაიდან ეს მოულოდნელობები უსიამოვნო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა აბაშიძემ, სავარაუდოდ, ეს განცხადება ნატო–საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გაკეთდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში დადებით როლს შეასრულებს

„ჩვენ შეხვედრაზე ასეთი რედაქციით მას (კარასინს) განცხადება არ გაუკეთებია. მან ისაუბრა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზე დაახლოებით იმავე კონტექსტში, რაც ადრე გაუკეთებია თითქმის ყველა ჩვენ შეხვედრაზე, გამონაკლისის გარეშე. მათი მიდგომა ჩვენთვის ცნობილია. ისინი უარყოფითად უყურებენ და აფასებენ ამას, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამ ფორმატში ჩვენ არ განვიხილავთ იმ თემებს, რომლებიც ეხება ჩვენ ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, – ხაზგასმით აღნიშნა აბაშიძემ.

მისი თქმით, საქართველოს სუვერენულ უფლებას წარმოადგენს, ვისთან რა დოზით და როგორ ითანამშრომლებს.

„ამით ვასრულებთ ხოლმე საუბარს“, – განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე: დიალოგი რუსეთთან გაგრძელდება >>

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. რუსი და ქართველი დიპლომატების წინა შეხვედრა 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0