რა ეღირება თბილისში საათობრივი პარკირება

© Sputnik / STRINGERავტომობილების პარკირება თბილისში
ავტომობილების პარკირება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქში საათობრივი პარკირების საფასური, სავარაუდოდ, საათში 50 თეთრიდან დაიწყება, რომელიც, შესაძლოა, ქუჩების მიხედვით კიდევ გაიზარდოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.

პარკინგი - Sputnik საქართველო
თბილისში პარკირების ახალი წესი ამოქმედდება

ზონალური პარკირება ქალაქის ზონებად დაყოფასა და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას გულისხმობს. მაგალითად, თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით გადაადგილდება და ავტომობილის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებისთვის საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც – შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

„არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი ვერც მთელ თბილისში იმუშავებს, რადგან ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს. ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი და დავაკვირდეთ. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ", – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, ფასიანი პარკირება მანქანების მოხმარებისა და, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად კეთდება, ასევე იმისთვის, რათა მოქალაქეებმა მეტად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ხმალაძის ინფორმაციით, რეგულაცია მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს არ შეეხებათ. ამ ეტაპზე არ განიხილება შეღავათის დაწესება იმ პირთათვის, ვინც დედაქალაქშია დასაქმებული და ავტომობილს სამუშაო ოფისთან აჩერებს. მისი განცხადებით, პარკირების საბოლოო ტარიფი საკრებულოს წევრებთან ერთად მსჯელობის შემდეგ გადაწყდება.

საგზაო ნიშნები - Sputnik საქართველო
თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის შეიძლება ახალი ჯარიმები დაწესდეს

„საფასურის დადგენა უნდა დავიწყოთ მინიმალური ოდენობიდან და გაიზარდოს პროცესში დაკვირვების შედეგად. საფასურმა უნდა მოგვცეს შედეგი და შედეგი უნდა იყოს შემცირებული ავტომობილები კონკრეტულ არეალებში", – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილზე უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით. გარდა ამისა, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება – ეს არის მოდელი, რომელიც ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით, გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დაინერგა. თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული სისტემა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0