ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი მეეზოვეს ამპლუაში
ჟურნალისტი მეეზოვეს ამპლუაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისთვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა გადაწყვიტა ქალაქის მეეზოვის როლი მოერგო და ის მოგვიყვება, თუ როგორია მათი ერთი სამუშაო დღე.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ამ უზარმაზარ ქალაქში ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლამპიონები ენთო, კიდევ ერთმა ღამემ გაიხურა კარი. ღამეს სულ არ აინტერესებს, ვინ თბილისთან ერთი-ერთზე დალია და ვინ ნამთვრალევმა ვიწრო ქუჩებში იბოდიალა...

აი, მეეზოვე კი არ ღალატობს საკუთარ მოვალეობას და ღამის „ნასუფრალის“ ალაგებას იწყებს...

ფიროსმანის მადლიან მეეზოვეს მაშინ შევხვდი, როცა სისხამ დილით ყველას ეძინა, ჩვენ კი ქუჩების დასუფთავება ჩუმად დავიწყეთ, ვინმესთვის რომ ძილი არ დაგვეფრთხო.

© Sputnik / Alex Shlamovშეხვედრა ფიროსმანის მეეზოვესთან
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი - Sputnik საქართველო
შეხვედრა ფიროსმანის მეეზოვესთან

ამინდში თუ უამინდობისას დედაქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად „თბილსერვის ჯგუფის“ 3 785 თანამშრომელი ზრუნავს. თუმცა, იმ დღეს ერთით მეტნი ვიყავით.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გრაფიკი და ხელფასი მათი სამუშაო პოზიციის მიხედვით განსხვავდება. დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა ორ ცვლაში. მაგალითად, მძღოლის დარიცხული ხელფასია 970 ლარი; მისი დამხმარე მუშის – 825; ქუჩის დამგველის (მეეზოვის) ანაზღაურება 500 ლარია; სპეც. დამგველის კი 625 ლარი; სპეც. მორიგე ბრიგადის დამგველის ხელფასი 825 ლარია.

© Sputnik / Alex Shlamovროგორ იქცა ჟურნალისტი მეეზოვედ
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი - Sputnik საქართველო
როგორ იქცა ჟურნალისტი მეეზოვედ

თითოეულ ბრიგადას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც აღწერს შესრულებულ სამუშაოს, ამიტომ ვერ იზარმაცებ. აბა ისე „თეფშისხელა მედალს“ ტყუილად ვინ ჩამოგკიდებს... ან კიდევ რა სიზარმაცეზეა საუბარი – ყველა მეეზოვე ისევე უვლის და ზრუნავს თავის მტვრიან ქალაქზე, როგორც წლების წინ ზრუნავდა „დვორნიკი“ რაშიდა ყველასგან მიტოვებულ ნიკალაზე...

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს:

- ქუჩების დაგვა-დასუფთავებას - 12 340 951 კვ.მ

- შიდაკვარტალური ქუჩების დაგვა-დასუფთავებას - 5 508 017 კვ.მ

- სკვერების დაგვა-დასუფთავებას - 3 601 896 კვ.მ

- ხევებისა და ფერდობების დასუფთავებას - 2 001 200 კვ.მ

- მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებას - 12 930 კვ.მ

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტის ერთი დღე მეეზოვის ამპლუაში
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტის ერთი დღე მეეზოვის ამპლუაში

დღეისათვის დედაქალაქში განთავსებულია 19 587 ნაგავშემკრები კონტეინერი, სადაც მთელი თბილისის „მენიუს“ ნახავთ. ხელში მეჭირა „მენიუ“ და ვფიქრობდი, რამდენად ადეკვაკვატურია მეეზოვის რეალური ხელფასი... ყოველ შემთხვევაში, იმდენი არა, რამდენიც ახლა აქვთ.

თურმე ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ მეეზოვეები, როცა მათ აგდებით „მენაგვეებს" უწოდებენ. „აბა, სახელმწიფოს ფულს რაში ვუხდით“, ფიქრობთ თქვენ, როცა ხედავთ, როგორ აგროვებს მეეზოვე თქვენს მიერ უდიერად გადაყრილ სიგარეტის ნამწვავებსა და ბოთლებს...

რაც შეეხება ჩემ გარდასახვას მეეზოვედ, ალბათ ბევრი თქვენგანი ამრეზით ზემოდანაც კი მიყურებდა, როცა ნარინჯისფერ ქურთუკიანმა ყოფილმა იურისტმა ცოცხი მომაწოდა, ყოფილმა ისტორიკოსმა – აქანდაზი, ყოფილმა სპორტსმენმა კი ხელთათმანები... მაშინ, როდესაც ნაგვის მანქანაზე მაგრად ვიყავი ჩაბღაუჭებული სახელურს, რომ ურნამდე უვნებელს მიმეღწია და თქვენი ნარჩენები გადამეყარა... მაშინ, როდესაც იმ დღეს, ქარის გამო, თქვენ მიერ დაყრილ ხელსახოცებს და ძაღლების ფეკალიებს ერთ ადგილზე თავს ვერ ვუყრიდი... ან, იქნებ, მაშინ, როცა ლილოში წავედი ნაგავსაყრელზე... ვინ იცის, ალბათ ზოგს გეცოდებოდით და ზოგიც მადლიერი იყავით, მაგრამ როგორ გამოხატავდით ამას... ცხოვრება უცნაური რამ არის, არასოდეს არ იცი როდის, სად შეიძლება აღმოჩნდე...

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი მეეზოვის ამპლუაში
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი მეეზოვის ამპლუაში

იცოდით, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების ბოლო პუნქტი ლილოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონია? სწორედ აქ ყოველდღიურად ათას ტონაზე მეტი ნარჩენის განთავსება-გაუვნებელყოფა ხდება. იწონება ნარჩენები და შემდეგ მიწდება. ნაგავმზიდ მანქანას კი, სანამ უკან, ქალაქში დაბრუნდება, დეზინფექცია უტარდება.

© Sputnik / Alex Shlamovნაგავსაყრელთან
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი - Sputnik საქართველო
ნაგავსაყრელთან

„ვიკიპედიის" განმარტებით, ნარჩენი არის ფუჭად გადაყრილი რესურსი, რომელიც შეიძლებოდა ან კვლავაც შეიძლება სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ჩვენ მათ ვიშორებთ და ამისათვის დამატებით რესურსებსაც ვხარჯავთ – სულ მცირე, იმ მიწებს, რომელთაც ნაგავსაყრელები იკავებენ და რომელთა სხვა მიზნით გამოყენება ათეულობით წლები შეუძლებელი იქნება. ამიტომ დაფიქრდით, სანამ ნარჩენებს გადაყრიდეთ, ნიკალას მეეზოვე მაინც შეიცოდეთ...

© Sputnik / Alex Shlamovლილოს ნაგავსაყრელი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: იმ დღეს ფიროსმანის მეეზოვეს შევხვდი - Sputnik საქართველო
ლილოს ნაგავსაყრელი

ბოლოს კი ამ მშრომელი ხალხის სახელით მინდა გითხრათ, რომ, მართალია, მეეზოვის ცხოვრება ნიკო ფიროსმანის ნახატივით ლამაზი არ არის, მაგრამ თუ იმას მაინც გავიგებთ, რომ ნარჩენების გზა ურნამდე ჩვენ შეგნებაზე გადის, ეს სტატია ფუჭად არ დამიწერია და არც თქვენ დაგიხარჯავთ ფუჭად დრო მის წაკითხვაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0