თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. პოპულარულმა ამერიკულმა სათავგადასავლო გამოცემა Thrillist-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო მიმართულების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მოხვდა.
საქართველოსთან ერთად, სიაში შედის პანამა, ტაივანი, ეკვადორი, მონტენეგრო, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, ლიბანი, დომინიკა, ნეპალი, ტასმანია, ბელიზი, ურუგვაი, ფინეთი, ლაოსი, პოლონეთი, იორდანია, უელსი, მოზამბიკი და ჩრდილოეთ მაკედონია. Thrillist-ი წელს ამერიკელ ტურისტებს ამ ქვეყნების დათვალიერებას ურჩევს.
ჟურნალისტი ბენჯამინ კემპერი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრა და გამოცემის მკითხველებს საკუთარი შთაბეჭდილებები გააცნო.
„ახალი ტურისტული მიმართულება, უძველესი სამყარო სტუმართმოყვარეობითა და სითბოთი - ეს საქართველოა“, - წერს კემპერი.
ჟურნალისტის თქმით, მსოფლიო რუკაზე საქართველოს მოძებნა საკმაოდ რთულია, მაგრამ აქ გეოგრაფიას მნიშვნელობა არ აქვს.
„საქართველოში გაგაოცებთ ყველაფერი, დაწყებული ხაჭაპურით, დამთავრებული ცეცხლოვანი ფოლკლორული ცეკვებით. აქ ნახავთ კავკასიის შთამბეჭდავ მწვერვალებს, რომლებიც მდელოებს გადაჰყურებს“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ბოლო წლებში განიცადა ტრანსფორმაცია, ქვეყანაში დაძლიეს კორუფცია, გაიყვანეს გზები, აშენდა ახალი აეროპორტები.
„რა არის დღეს ყველაზე საშიში საქართველოში? ეს არის ჭაჭა - მაღალგრადუსიანი სასმელი, რომლის დაგემოვნებას ყველგან გთავაზობენ ადგილობრივები“, - წერს კემპერი.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს ძირითადი გამოწვევა დაასახელა >>
სტატიის ავტორი გვიამბობს, რომ საქართველოში ლაშქრობისას ახალი ტრანსკავკასიური მთის ბილიკი ტურისტს ევროპის უმაღლეს დასახლებამდე მიიყვანს - სვანეთის მხარეში.
„იქ, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ერთვის, მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ“, - წერს კემპერი და აღნიშნავს, რომ სადაც არ უნდა მივიდეს ტურისტი, მას ყველგან დახვდებიან სტუმართმოყვარეობითა და ღვინით, რომელიც ქართველებმა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გამოიგონეს.
კემპერი ასევე ურჩევს ამერიკელ ტურისტებს მოინახულონ XIV საუკუნეში აგებული გერგეტის სამება ყაზბეგში, რომელიც ღრუბლებს გადაჰყურებს.
„გერგეტის სამება ყაზბეგის მთის ჩრდილში მდებარეობს, იქ, სადაც ღმერთებმა პრომეთე ცეცხლის მოპარვისთვის მიაჯაჭვეს“, - წერს კემპერი.
Thrillist – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სათავგადასავლო გამოცემაა, რომელსაც თვეში 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.