როცა საქმე სიამოვნებაა – ქართველი სტუდენტის ჰობი, რომელიც შემოსავლის წყაროდ იქცა

© photo: courtesy of Nino Shubitidzeნინო შუბითიძის ხელნაკეთი ნივთები
ნინო შუბითიძის ხელნაკეთი ნივთები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო შუბითიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ქართულ ფილოლოგიას სწავლობს. თავისი პროფესიით მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა არქივში. დღეს ხელნაკეთ ნივთებს ქმნის და ძირითად დროს სწორედ ამ საქმიანობას უთმობს.

ყველაფერი მეგობრისთვის დიდი სიყვარულით შექმნილი ბლოკნოტით დაიწყო. იმდენად დიდი სიამოვნება მიიღო ხელნაკეთი ბლოკნოტის დამზადებით, იმდენად მოეწონა საკუთარი ნახელავი, რომ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო ამ საქმეში.

– როგორ დაინტერესდით ხელნაკეთი ნივთებით?

– ორ წელზე მეტია ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებ. თავდაპირველად დავიწყე დღიურების დამზადება. დედაჩემი ამზადებს სამკაულებს, ასევე ქსოვს ბავშვების სამოსს, აქედან გამომდინარე ხელნაკეთ ნივთებთან და მათ დასამზადებელ მასალასთან ხშირი შეხება მქონდა. პირველად დღიურის გაკეთება გადავწყვიტე მაშინ, როდესაც ჩემი უახლოესი მეგობარი ნახევარი წლით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოგონებებს და მათ ფურცელზე გადატანას, ამიტომ გადავწყვიტე მისთვის ორიგინალური დღიური შემექმნა საკუთარი ხელით.

– მარტო უძღვებით ამ საქმეს?

– საქმეს ძირითადად მარტო ვუძღვები, დატვირთულ პერიოდში და გამოფენისთვის მზადებისას ოჯახის წევრები და მეგობრები მეხმარებიან.

© photo: courtesy of Nino Shubitidzeნინო შუბითიძის ხელნაკეთი ნივთები
როცა საქმე სიამოვნებაა – ქართველი სტუდენტის ჰობი, რომელიც შემოსავლის წყაროდ იქცა - Sputnik საქართველო
ნინო შუბითიძის ხელნაკეთი ნივთები

– საინტერესო და ორიგინალურ ნივთებს ქმნით, ალბათ საზოგადოებამ მალე გაგიცნოთ.

– საწყის ეტაპზე როგორც ჰობის ისე ვუდგებოდი, ხოლო შემდგომ გადავწყვიტე ეს საქმე შემოსავლის წყაროდ მექცია და სერიოზულად მივდგომოდი მისი პოპულარიზაციის საკითხს. თავდაპირველად ფართო საზოგადოებამ ჩემი პროდუქციის შესახებ შეიტყო „საქართველოს ბანკის“ პროექტით Secret santa. ამ პროექტს ჰქონდა საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების პლატფორმა და წინასაახალწლო პერიოდში გამოფენა. ჩემა პროდუქციამ ყურადღება მიიქცია იმით, რომ მომხმარებლის სურვილს შეკვეთის მიღებისას სრულად ვითვალისწინებდი და შეეძლოთ შეეკვეთათ ნივთები ადრესატების პროფესიის, ჰობის, ასაკის, საყვარელი ფერის, მუსიკალური ჯგუფისა თუ საყვარელი სერიალის გმირების გამოსახულებებით. გამოფენისას კი მათი ფერადი და ბრჭყვიალა დეტალები იქცევდა დიდ  ყურადღებას.

– თითოეული ნივთი განსხვავებულია ფერით, ვიზუალით და არის ინდივიდუალური. განსხვავებულ მასალებს იყენებთ მათ შესაქმნელად?

– ჩემს ძირითად სამუშაო მასალას თექა წარმოადგენს. გასაფორმებლად ვიყენებ ტყავის, ნატის და ხის ელემენტებს. თექაზე არჩევანი ორი მიზეზის გამო გავაკეთე, პირველი ეს იყო ფერთა პალიტრის სიმრავლე, მეორე მიზეზი ის გახლდათ, რომ ხელნაკეთი დღიურებისა და ფოტოალბომების დასამზადებლად თექას ნაკლებად იყენებდნენ. მინდოდა მომხმარებლისთვის სიახლე შემეთავაზებინა.

© photo: courtesy of Nino Shubitidzeნინო შუბითიძის ხელნაკეთი ნივთები
როცა საქმე სიამოვნებაა – ქართველი სტუდენტის ჰობი, რომელიც შემოსავლის წყაროდ იქცა - Sputnik საქართველო
ნინო შუბითიძის ხელნაკეთი ნივთები

– მათთვის, ვინც ბლოკნოტებს იყენებს, მნიშვნელოვანია, რომ სილამაზესთან ერთად ბლოკნოტი იყოს პრაქტიკული, კომფორტული და მოსახერხებელი. არის თქვენი ბლოკნოტები ასეთი?

– ვიყენებ ქარხნულ თექას. ჩანთებისა და ბლოკნოტების ყდის დასამზადებლად ვიყენებ სქელ და მყარ ნიმუშებს, რომელიც პრიალაა, ადვილად არ ზიანდება და მისი გარეცხვაც შესაძლებელია. რაც შეეხება გაფორმებას, ვიყენებ შედარებით თხელ თექას, რადგან სასურველი ფორმის მიცემა  ადვილია და ამასთანავე ბრჭყვიალა მატერიებს, თვლებს, მძივებს და ფერად ლენტებს. თექის ფერთა სიჭრელე და გასაფორმებელი მასალების სიმრავლე საშუალებას მაძლევს მომხმარებლისთვის სასურველი ნახატი თუ წარწერა გავამზადო. ამ ყველაფერთან ერთად ჩემი ბლოკნოტები არის კომფორტული და მოსახერხებელი.

– თქვენთვის ეს ხელოვნება უფროა თუ შემოსავლის წყარო?

– ალბათ ორივე. როგორც აღვნიშნე, თავდაპირველი მოდელები მეგობრებისთვის დავამზადე, ხოლო როცა მათი გაყიდვა დავიწყე, ჩემი შემოსავლის წყაროდ იქცა. როცა შემიძლია მომხმარებლის ფანტაზიის ნაყოფი ხელშესახებ ნივთად ვაქციო, დიდ სიამოვნებას მგვრის მათი გაოცებული, აღფრთოვანებული და მადლიერი გამომეტყველება.

– მომხმარებლების შენიშვნებს და რჩევებს რამდენად ითვალისწინებთ?

– ჩემი პროდუქციის უდიდესი წილი მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით არის დამზადებული. შეკვეთის აღების დროს ჩემი დიზაინით დამზადებული კოლექციის გარდა მომხმარებელს სრულ თავისუფლებას ვაძლევ. ბლოკნოტებისა და ალბომების შემთხვევაში ვთავაზობ თავად შეარჩიონ ყდისა და ფურცლების ფერი, მათი ზომები, ნახატები, წარწერები, მათი ფერები და განთავსების ადგილი. ჩანთების შემთხვევაშიც ანალოგიურად, დამატებით შეუძლიათ შეარჩიონ, როგორი იქნება სახელური, ხის, ტყავისა თუ თექის.

– სულ რამდენი სახის პროდუქციას ამზადებთ?

– ვამზადებ ჩანთებს, დღიურებს, როგორც თეთრს, ასევე დაძველების ეფექტის ფურცლებით, მათ შესაფერის სანიშნეებს. ასევე განსხვავებული ზომის ფოტოალბომებს, სტანდარტული ზომის ფერადი ფურცლებით და დიდ საოჯახო ალბომებს.

– როცა ამ საქმიანობას იწყებდით, იფიქრებდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა და ამდენ ადამიანს მოეწონებოდა?

– თავდაპირველად ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე, უფრო ჰობის კუთხით ვუყურებდი. ხოლო შემდგომ, როცა დღიურებისა და ალბომების ვარიაციული მოდელები დავამზადე, გასაფორმებელი მასალა მრავალფეროვანი გავხადე და ჩანთების დამზადება დავიწყე, შეკვეთების რაოდენობამ იმატა და უფრო დავრწმუნდი მის სამომავლო წარმატებაში.

– თქვენ თუ იწონებთ ხოლმე თავს თქვენი შექმნილი ჩანთებით?

– დიახ, ხშირად ვატარებ ჩემ დამზადებულ ჩანთებს. რაც ჩემ ირგვლივ მყოფებს საშუალებას აძლევს უფრო ახლოდან ნახონ ჩემი პროდუქცია.

– რას ნიშნავს აკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებს?

– ჩემთვის ეს არის ვაკეთო შეკვეთა დღისა და ღამის ნებისმიერი დროს, დაღლისა და გაღიზიანების გარეშე, მივიღო სიამოვნება ყველა ახალი ნივთის შექმნისას და მადლობა კმაყოფილი მომხმარებლისგან.

© photo: courtesy of Nino Shubitidzeნინო შუბითიძის ხელნაკეთი ნივთები
როცა საქმე სიამოვნებაა – ქართველი სტუდენტის ჰობი, რომელიც შემოსავლის წყაროდ იქცა - Sputnik საქართველო
ნინო შუბითიძის ხელნაკეთი ნივთები

– უცხო გარემოში თუ გინახავთ თქვენი ჩანთები?

– მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა. უფრო ხშირად ჩანთებს ვხედავ. პირველად ჩემ სახლთან ახლოს შევამჩნიე, რომ თინეიჯერი გოგონა ჩემ წითელ ჩანთას ატარებდა. ძნელია სიტყვებით ასეთი აღფრთოვანების გადმოცემა, ყველა მეგობარს ამ ამბავს ვუყვებოდი. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება ძალიან კარგად, როცა კურსელმა დამირეკა და მითხრა, უნივერსიტეტში ერთი ბიჭი ვნახე, შენ ბლოკნოტებს ათვალიერებდა და შეკვეთას აპირებდა, ვუთხარი, ამ ბლოკნოტებს ჩემი მეგობარი ამზადებს-მეთქი და ამაყი ვიყავიო.

– მეგობრები როგორ უყურებენ თქვენ გატაცებას?

– ჩემი მეგობრები დაწყების დღიდან მქომაგობენ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ ჩემი საქმიანობა, იქნება ეს სოციალურ ქსელში ჩემი ნივთების გაზიარება თუ გამოფენებზე დასწრება. მეტიც, ისინი ხშირად მეხმარებიან ალბომებსა და ჩანთების დამზადებაში, როცა  სასაჩუქრედ ვამზადებ სხვა მეგობრებისთვის.

– სამომავლოდ რაიმე სიახლეს ხომ არ გეგმავთ?

– ჩემი სამომავლო გეგმები ყოველთვის უკავშირდება პროდუქციის დახვეწას, შევეცდები მომავალშიც ფეხი ავუწყო მომხმარებლის სურვილებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0