თბილისი, 24 თბილისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში სიგარეტის, ალკოჰოლის და ასევე მაღაზიიდან თანხის მოპარვის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე.
პოლიციის მონაცემებით, წარსულში ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა მაღაზიის კედელი ძალაყინით დააზიანა, შენობაში უკანონოდ შეაღწია, 2,1 ათასი ლარი, სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს, მოგვიანებით კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების და მოპარული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ამოძიება მიმდინარეობს ს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სადგომში ან საცავში უკანონოდ არაერთგზის შეღწევის გზით ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.