თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სანქტ-პეტერბურგის ფესტივალ „ბალტიური სახლის" დიდ სცენაზე ნიკოლაი გოგოლის მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „შინელს" წარმოადგენს, იუწყებიან ორგანიზატორები.
ჩვენება 5 აპრილს დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების რუსული თეატრების XXI საერთაშორისო ფესტივალის „შეხვედრები რუსეთში" (Встречи в России) ფარგლებში გაიმართება. ქართველ მსახიობებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობენ თეატრები ესტონეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან.
თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სცენაზე ავთანდილ ვარსიმაშვილის რეჟისორობით დადგმულმა „შინელმა" ახალი სიცოცხლე შეიძინა. მშობლიურ სცენაზე სპექტაკლს 1,17 და 30 მარტს უჩვენებენ.
„შინელი" ერთ-ერთი მოთხრობაა, რომელიც "პატარა ადამიანს" ეძღვნება. ნაწარმოები შესულია რუსული ლიტერატურის ისტორიაში როგორც სოციალური თანასწორობისა და ადამიანის უფლებების განუყოფელი მანიფესტი.
სპექტაკლში აკაკი აკაკის ძე ბაშმაჩკინის როლს აპოლონ კუბლაშვილი თამაშობს. დადგმის სცენარი საქართველოს სახალხო მხატვარ მირიან შველიძეს, ქორეოგრაფია კი გია მარღანიას ეკუთვნის.