თემურ იოსელიანი
ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიის დაწყების საბაბი 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია გახდა, რომელშიც მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. პროკურატურამ გამოძიება „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება)“ მუხლით მხოლოდ გასულ თვეში დაიწყო. „თიბისის“ ხელმძღვანელებმა ბევრი იძახეს, მართლები ვართო, მაგრამ 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე ბანკის აქციონერთა კრებას ორთვიანი ვადა მისცა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.
„თიბისის“ დამფუძნებლებმა 18 თებერვალს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აუცილებლად გააგრძელებენ ბრძოლას და საერთაშორისო დონის იურისტების მეშვეობით საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებენ. მათ არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს საქმე საერთაშორისო იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი. თუმცა, ორიოდე დღეში სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა.
21 თებერვლის დილით თავად მამუკა ხაზარაძემ დაწერა „ფეისბუქში“, რომ „თიბისიდან“ მიდის.
„აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯგუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული“, - წერს ხაზარაძე.
მისი თქმით, მიუხედავად მისი მცდელობისა, არც ერთი სახელმწიფო მოხელე, მათ შორის მინისტრებიც არ დაინტერესდნენ „თიბისის“ საქმით.
„მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, - ამბობს ხაზარაძე, - ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მით უმეტეს, თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა“.
ხაზარაძის თქმით, ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – ეროვნულ ბანკთან შეწყვიტოს სამართლებრივი დავა, რაც ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებშია.
„იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, - წერს ხაზარაძე.
„თიბისიდან“ წასვლის მიუხედავად მამუკა ხაზარაძე აპირებს დაპირებისამებრ მივიდეს პარლამენტში და საქმის დეტალები გააცნოს ყველას. ასევე ამბობს, რომ როგორც კერძო პირი, დამოუკიდებლად გააგრძელებს საკუთარი უფლებების სამართლებრივ დაცვას.
განცხადება გაავრცელა „თიბისი ბანკმაც“, სადაც წერია, რომ ემორჩილებიან სებ-ის მოთხოვნებს – როგორც ხაზარაძის და ჯაფარიძის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევას, ასევე დაკისრებული 1 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდას, იმის მიუხედავად, რომ ეს ჯარიმა სასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული. განცხადებიდან ირკვევა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC-ს (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციებს.
რეაქციები
მამუკა ხაზარაძის განცხადების გამოქვეყნებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე საათია გასული, ამიტომ რა გაგრძელება მოჰყვება „თიბისის“ საქმეს, მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი პირველი კომენტარები უკვე გაკეთდა.
„მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს. ბანკმა ბოლო პერიოდში 200 მილიონი დოლარი იზარალა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - ან წასვლა, ან ბანკის კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება. უცხოელმა პარტნიორებმა, როგორც ჩანს, ფული არჩიეს სამართლიანობას. შეიძლება ვერც გაამტყუნებ, როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას ჯერ კიდევ ერთი ახირებული კაცი მართავს.
ახლა ჩვენი ვალია ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია. მას ასე ადვილად ვერ დაითრევს. იქ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები დევს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდება პარლამენტში, მზად უნდა იყოს გადადგომისათვის. მას დაკარგული აქვს ნდობა. ამის გარეშე კი მისი იქ დარჩენა მხოლოდ ზიანის მომტანია“, - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
„პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. „კავკასიური ცარცის წრის“ სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ – ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობო და ხელი გაუშვა. ალბათ ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა. „ამოგანგლა“ ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი „დამოკლეს მახვილივით“ ეკიდება სადმე კუთხეში. შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა. დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა. ვადები: ყოველი დღე ძვირფასია“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „თიბისის“ აქციონერები მძევლად აიყვანა. თავისი გადადგომით კი მამუკა ხაზარაძემ დატოვა მძევლების რიგები.
„ბიძინა ივანიშვილის გეგმაა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობის შეცვლა თავისი ხალხით და ბანკის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რამდენადაც ამ საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება ხდება“, - განაცხადა ფადი ასლიმ.
ამასთან, ფადი ასლის თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ნებისმიერი დაინტერესებული მხარე შეაჩეროს ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებისგან, რადგან ივანიშვილის მიზანია ხაზარაძის ჩამოშორება და კონტროლის მოპოვება ამ პორტზე.
როგორც მასმედიაში აქტიურად იწერება, მამუკა ხაზარაძეს პირადად ებრძვის ბიძინა ივანიშვილი. თავად ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სახელმწიფო მხარს გვიჭერს ანაკლიის პროექტის განხორციელებაშიო. სინამდვილეში ახლა გამოჩნდება, როგორ გაგრძელდება, თუ საერთოდ გაგრძელდება ანაკლიის პროექტი...