მამუკა ხაზარაძე TBC ბანკს ტოვებს

© photo: Anaklia Port / FBМамука Хазарадзе
Мамука Хазарадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ბიზნესმენის განცხადებით, იგი გეგმავს, რომ მთელი თავისი რესურსი ანაკლიის პორტის განვითარებას მოახმაროს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მამუკა ხაზარაძემ TBC ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

ხაზარაძის განცხადებით, ის გეგმავს მთელი რესურსი ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნას და იმედოვნებს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა დასცალდება.

„აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯგუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის განცხადებით, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ აღნიშნული საქმით.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე: ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა

„რამდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, თუმცა პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში“, – წერს ხაზარაძე.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით – მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერებისა და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.

ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ მისი გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე.

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
TBC Bank–ი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით ეროვნულ ბანკთან მუშაობას გააგრძელებს

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს კანონის დარღვევას. მისი სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მთავარმა პროკურატურამ უკვე გაავრცელა ხაზარაძის დაკითხვის დეტალები, რომლის მიხედვით, პროკურორთან საუბრისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ თანხა ავთანდილ წერეთელს კრედიტით მის ბანკში ჰქონდა აღებული.

შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც აცხადებს, რომ ენდობა ეროვნულ ბანკს და TBC Bank-ის ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0