აფხაზეთი ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხის წინაშე დგას

© photo: Sputnik / Vladimir Popov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. „ენგურჰესი" ერთი კვირის შემდეგ ვეღარ შეძლებს ელექტროენერგიის გამომუშავებას და აფხაზეთისთვის მიწოდებას, ამიტომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ ალტერნატიული წყაროს მოძიებაზე უნდა იზრუნოს, განაცხადა ჰიდროელექტროსადგურის ფინანსურმა დირექტორმა ზვიად კილასონიამ „Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში.

აფხაზეთი შეიძლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს>>>

ის, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დაუდგებოდა, ცნობილი გასულ კვირაში გახდა. მაშინ „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხადა, რომ თუ აფხაზეთი არ შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, 5 მარტისთვის წყალსაცავში წყლის მარაგი ამოიწურება.

ენგურჰესის ტურისტული ზონა - Sputnik საქართველო
ენგურჰესის პროექტირების დასრულების შესახებ ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა

„ჩვენ ტექნიკური პრობლემა არ გვაქვს. პრობლემები, ძირითადად, ეხება იმას, რომ წყალსაცავში წყლის დონე მაქსიმალურად დაწეულია. ჩვენ პრაქტიკულად ვერ შევძლებთ აფხაზეთის მხარის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას. ალბათ, კიდევ ერთ კვირას "გავქაჩავთ", შემდეგ კი სხვა წყაროების მოძიება უნდა დაიწყოს" , – განაცხადა ზვიად კილასონიამ.

მისი სიტყვებით, ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში 20%-ის გადახდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწევს.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ტურისტული ზონა ენგურჰესზე – მსოფლიო დონის პროექტი დასრულებულია

„ისინი (დე-ფაქტო ხელისუფლება) ინფორმირებული არიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი მიდის, რათა ელექტროენერგიის იმპორტი იქიდან მოხდეს. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება", – აღნიშნა კილასონიამ.

„ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის დაწევის გამო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკის შემოღების შესახებ აფხაზურმა კომპანია "ჩერნომორენერგომ" ოთხშაბათს განაცხადა. აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ყოველდღიურად 11:00-დან 14:00 საათამდე შეუწყდება.

„ეს (გრაფიკის შემოღება) იძულებითი ღონისძიებაა, რადგანაც, როგორც აღვნიშნე, ჩვენ არ გვაქვს წყლის საკმარისი მარაგი, რათა აფხაზეთი ელექტროენერგიით მოვამარაგოთ. დავძენ, რომ პრაქტიკულად ნოემბრიდან ელექტროენერგია ქართულ მხარეს არ მიეწოდებოდა. ნოემბრიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 95%-ზე მეტი აფხაზეთში მიდიოდა", – განაცხადა „ენგურჰესის" ფინანსურმა დირექტორმა.

„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0