2023 წლისთვის საქართველოში 227 კილომეტრი სიგრძის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia / FBНовая объездная дорога Кобулети
Новая объездная дорога Кобулети - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია საგზაო ინფრასტრუქტურაში იდება.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრი სიგრძის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს კურორტებზე კიდევ ერთი ჩქაროსნული გზა გამოჩნდება>>>

ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში „მინისტრის საათი" დაწესდა – თითოეული მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ დეპუტატების წინაშე წარდგეს. ამასთან, მინისტრებს უფლება აქვთ, სურვილის შემთხვევაში, დეპუტატების წინაშე კიდევ ერთხელ ისაუბრონ გაწეული საქმიანობის შესახებ.

მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია საგზაო ინფრასტრუქტურაში იდება.

„2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც საორიენტაციოდ 5,1 მლრდ ლარის ოდენობით ინვესტიცია ჩაიდება. აქედან ამჟამად მიმდინარეობს 77 კილომეტრი მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად დასრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები 81 კილომეტრ მონაკვეთზე, სადაც 2,1 მლრდ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება", – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ავტობანი რიკოტის უღელტეხილის მახლობლად - Sputnik საქართველო
ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია შეასრულებს 

გარდა ამისა, ახლო მომავალში იგეგმება რიკოთის ავტობანის ჩუმათელეთი-ხევისა და შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე ტენდერის გამოცხადება.

მინისტრის განცხადებით, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება, რადგან მშენებლობის დამფინანსებელმა იაპონურმა კომპანიამ პირობა წამოაყენა, რომ ტენდერში მხოლოდ იაპონურმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, მათ მიერ შემოთავაზებული ფასი იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე სახელმწიფო იყო მზად რომ გადაეხადა.

აქედან გამომდინარე, ტენდერი შეჩერდა და სახელმწიფომ ტენდერის გამოსაცხადებლად და პროექტის განსახორციელებლად სხვა დონორ ორგანიზაციებთან დაიწყო მოლაპარაკებები.

საუბარი ეხება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასას, ანუ ევროპულ სატრანზიტო გზას Е-60, რომელიც სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0