ბაღებს, სკვერებსა და პარკებს კაპიტალური მშენებლობისგან კანონი დაიცავს

გამოწერა
ინიციატივის მიხედვით, კანონპროექტში ტერმინი "მწვანე ხაზები" გაჩნდება, რომელიც რეკრეაციულ ზონებს დაიცავს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში ყველა ბაღი, სკვერი თუ პარკი კანონით იქნება დაცული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნებები კოეფიციენტის ირგვლივ: თბილისში მშენებლობის წესები მკაცრდება>>>

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადეს, რომლის ფარგლებშიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობები დარეგულირდება. ახალი კანონპროექტის მიზანია – მწვანე სივრცეები დაცული იყოს ნებისმიერი კაპიტალური ტიპის მშენებლობისგან.

პარკი თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძე: სკვერებსა და პარკებში სიმახინჯეების მშენებლობა არ უნდა დავუშვათ

ინიციატივის ავტორების თქმით, კანონში გაჩნდება ახალი ტერმინი „მწვანე ხაზები", რომელიც რეკრეაციულ ზონებს დაიცავს. მათი განცხადებით, ინიციატივის მიზეზი ბოლო დროს რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების გახშირება გახდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

საკანონმდებლო ინიციატივა უფრო მაღალ, კანონის დონეზე დაიცავს ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებულ ბაღებს, სკვერებსა და პარკებს. კანონპროექტის მიხედვით, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეიზღუდება და კიდევ უფრო გართულდება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს დაცვის თემა და ვხვდებით ხოლმე ამბებს, როცა ადამიანები სხვადასხვა სკვერებში აპროტესტებენ მშენებლობას და სრულიად სამართლიანად. ასეთ საუბრებს დაესმევა წერტილი, და როცა შემოვა ყველაზე პოზიტიური ტერმინი კანონმდებლობაში – "მწვანე ხაზები", ის დაიცავს პარკებს, სკვერებს, ბაღებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან", – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა, თბილისის მერიისგან კი მათ უკვე აქვთ სრული თანადგომა.

კახა კუჭავას განცხადებით, კანონპროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს გამწვანებული ტერიტორიების საკითხებზე, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება მიმართოს აღნიშნულ ჯგუფს და განიხილოს გამწვანებული სივრცის გაზრდის, დამატების ან დემარკაციის საკითხები.

 

ყველა ახალი ამბავი
0