თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. დღეიდან კომპანია „მაგთიკომი" სატარიფო პოლიტიკას ცვლის, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ თვეში კომპანიებმა „მაგთიკომმა" და „სილქნეტმა" (რომელიც ფლობს „ჯეოსელს") აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ განცხადებები გააკეთეს. განახლებული ტარიფები „მაგთის" შემთხვევაში 18 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო, ხოლო „ჯეოსელის" აბონენტებისთვის – 1 მარტიდან. კომპანიებმა ტარიფების ზრდის მიზეზად მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება და გაზრდილი ინტერნეტ-პაკეტები დაასახელეს.
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამასთან დაკავშირებით ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ კომისიის მიერ ბაზრის კვლევის დასრულებას. „სილქნეტი“ მარეგულირებლის რეკომენდაციას დათანხმდა, „მაგთიმ“ კი ამაზე უარი განაცხადა, ამიტომ 14 თებერვალს კომისიამ „მაგთიკომს" ტარიფების გარკვეული სახეობების გაძვირება უკვე საკუთარი გადაწყვეტილებით შეუჩერა.
შედეგად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაფრთხილების შესაბამისად, კომპანია „მაგთიკომი" სატარიფო პოლიტიკას გარკვეული შესწორებით ცვლის.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ნომრის მომსახურების 180 დღის საფასური 1 ლარი გახდა. ასევე დღეიდან ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას აბონენტის შეუზღუდავად მიიღებს. ანგარიშზე თანხის ამოწურვისას კი ნომერი გაითიშება ცალმხრივად და შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებს აბონენტი 150 დღის განმავლობაში მიიღებს. ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 151-ე დღეს კი ნომერი გაითიშება ორმხრივად, ხოლო ორმხივად გათიშვიდან 30 დღეში (თუ არ შეივსო ანგარიში) ნომერი გაუქმდება.
ამას გარდა შეიცვალა მობილური ინტერნეტის პირობებიც. კერძოდ, დღეიდან შემცირდა მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი და 1 MB, ნაცვლად 70 თეთრისა, გახდა 10 თეთრი. განახლდა ინტერნეტ-პაკეტების ფასებიც. თუ აქამდე აბონენტს 500 MB ინტერნეტის შეძენა 3 ლარად შეეძლო, ახლა მინიმალური პაკეტია 1 GB – 5 ლარად.
25 თებერვლიდან ცვლილებები შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტსაც. 27-ლარიანი 10 მბ/წმ-იანი პაკეტის ნაცვლად აბონენტი მიიღებს გაორმაგებულ სიჩქარეს – 20 მბ/წმ-ს, რომლის სტანდარტული ღირებულება 30 ლარი იქნება. სიახლე შეეხება როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებელს.
რა წერილობითი გაფრთხილება მიიღეს „მაგთიმ“ და „ჯეოსელმა“>>
რაც შეეხება 2019 წლის 18 თებერვლიდან დაანონსებულ ცვლილებას პაკეტში „მარტივი 25" და „ულიმიტო+" , მაგთიკომის მხრიდან ის დროებით შეჩერებულია.
„მაგთიკომი" ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „მაგთიკომს" 1 978 ათასზე მეტი აბონენტი ჰყავს (ბაზრის 40%), „სილქნეტს" („ჯეოსელი") კი 1 733 ათასზე მეტი აბონენტი (35.6%). ორივე კომპანიის წილი ჯამში 75.6%-ს შეადგენს.