თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის Youtube-ზე გავრცელების ბრალდებით 44 წლის ზ.ლ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბესელიას ვიდეოს გამავრცელებელი სომხეთის ციხეში სასჯელს იხდის>>>
ბოლო პერიოდში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გავრცელდა. პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში 28 იანვარს გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები", – აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით („პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით") არის აღძრული.
შსს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიებას ამ დრომდე აგრძელებს.
ამასთან, ტელეკომპანია Rustavi2 ამტკიცებს, რომ დაკავებული ზაალ ლატარიაა, ყოფილი სამხედრო პირი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს. სამართალდამცველები ლატარიას სახლს დაახლოებთ სამი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. თავად ლატარია დანაშაულს არ აღიარებს.
„მათ (პოლიციელებმა) შეამოწმეს ტელეფონი და ვერაფერი ნახეს. ალბათ შეგნებულად იყო ეს ყველაფერი პროვოკაციაზე წამოსაგებად. მიზეზი ის არის, რომ მე ვარ მებრძოლი, მიზეზი ის არის, რომ ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას შევწირე ბავშვობიდან დღემდე, ახლა ვარ განადგურებული", – განაცხადა დაკავებამდე ზაალ ლატარიამ ჟურნალისტებთან.
თავად ბესელიას განმარტებით, ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო სამი წლის წინანდელ სისხლის სამართლის გახმაურებულ საქმეში იდო ნივთმტკიცებად. მაშინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინტიმური ხასიათის ვიდეო სხვადასხვა პოლიტიკოსზე და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი, მისი ნახვა ბევრმა მოასწრო. ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ვიდეო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩაიწერა, ანუ 2012 წლამდე. თუმცა, იგივე ტელეკომპანია Rustavi2 ამტკიცებს, რომ ჩანაწერი 2012 წლის შემდეგაა გაკეთებული.
რაც შეეხება ბოლოდროინდელ მოვლენებს, ბესელიამ მიანიშნა, რომ ამჯერად ვიდეოს გავრცელება შეეძლო მას, ვისაც ხელი მიუწვდება 2016 წელს გახსნილი საქმის სასამართლოს მასალებზე. მისი თქმით, საეჭვოა ის, რომ ეს დაემთხვა მის კონფლიქტს მოსამართლეებთან, რომლებიც უზენაეს სასამართლოში მუშაობის პრეტენდენტები იყვნენ.