„მორალური ტერორის მცდელობა" – წულუკიანი ბესელიას შესახებ ვიდეოს გავრცელებაზე

© photo: Sputnikთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრმა სკანდალური ვიდეოს გამავრცელებლები შედეგების შესახებ გააფრთხილა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მკაცრად დაგმო პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელება.

ბოლო პერიოდში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გავრცელდა. პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში 28 იანვარს გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით. მსგავსი ხასიათის ვიდეჩანაწერები გუშინაც გავრცელდა. ამ საქმეზე დღეს 16 ადამიანი დააკავეს.

„ვისზეც უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი, იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი თუ სხვა, ეს არის მიუღებელი. ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას. მე პირადად ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ქალზე ტერორს, და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, ამას, რა თქმა უნდა, ვგმობ", – განაცხადა წულუკიანმა.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
სკანდალური ვიდეოჩანაწერები ბესელიაზე – დაკავებულია 16 პირი

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბესელია ის ადამიანი არ არის, რომელსაც შეაშინებ და გააჩერებ.

„მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ვინმე ქალი არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება, რომელიც გაჩერდება, ის, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ამიტომაც ისინი, ვინც ამას ავრცელებს, კარგი იქნება, თუ სხვა საქმით დაკავდებიან, და როდესაც მათ მიაკვლევს გამოძიება, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ კანონის წინაშე", – აღნიშნა წულუკიანმა.

ბესელიას თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო სამი წლის წინანდელ სისხლის სამართლის გახმაურებულ საქმეში იდო მტკიცებულებად. მაშინ სოციალურ ქსელში ინტიმური ხასიათის ვიდეო სხვადასხვა პოლიტიკოსზე გამოქვეყნდა და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი, მისი ნახვა ბევრმა მოასწრო. ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ვიდეო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩაიწერა, ანუ 2012 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0