საქართველოს ქალთა საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გამოწერა
საბჭო ეხმარება ქალებსა და ბავშვებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. „ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას საქართველოში", რომელიც ამჟამად 3 ათასზე მეტ ქალს აერთიანებს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და მას ხელი მოაწერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

როგორც ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ორგანიზაციისთვის ამ სტატუსის მინიჭების ინიციატორები იყვნენ ქალები – აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე და ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი.

„საქართველოში ქალთა საბჭოს საქმიანობის ისტორია 1921 წლიდან იღებს სათავეს და ლიდა გასვიანის, ვარო ჯაფარიძის, მარიამ ორახელაშვილისა და სხვა იმ დროისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალბატონების სახელს უკავშირდება", – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს რარიტეტულ ფოტოს, რომელზეც მოჩანს წარწერა „სრულიად საქართველოს საბჭოს წევრ მუშა და გლეხი ქალების დელეგატთა პირველი ყრილობა".

ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან - Sputnik საქართველო
შეიზღუდება თუ არა თბილისში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული

ორგანიზაცია თავისი არსებობის მანძილზე იბრძოდა ქალთა შრომის უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მოზარდების განათლების, სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, პატიმარი ქალების რესოციალიზაციისა თუ დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის, აღნიშნავენ ეროვნულ სააგენტოში.

ქალთა საბჭო 1995 წლიდან დამოუკიდებელი, სახალხო ორგანიზაცია გახდა, ხოლო 2014 წლიდან მისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გასცდა – ორგანიზაციას წარმომადგენლები მსოფლიოს ათ ქვეყანაში გაუჩნდა.

„საქმიანობა წარმოებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგიონული ქალთა საბჭოების დახმარებით. საბჭო, მემორანდუმის საფუძველზე, თანამშრომლობს 16 სხვადასხვა ეროვნების კომიტეტთან. ამ ხნის მანძილზე არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტით საბჭო დღესაც აქტიურად ახორციელებს თავის საქმიანობას იძულებით გადაადგილებული ოჯახების, ეროვნული უმცირესობების ქალბატონების, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქალბატონებისა და ბავშვებისათვის", – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0