თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისში ღვინის ქარხანა №1-ის ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებული, „ძველმანების“ ბაზრობა Flea market-ი გაიხსნება, განუცხადეს Sputnik-საქართველოსს პროექტის ორგანიზატორებმა.
მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ბაზრობაზე მთელი მსოფლიოდან შემოტანილი ნივთები შეიძინოს — დაწყებული საფერფლით, დასრულებული ტორშერითა თუ სავარძლით.
„ასორტიმენტი იმგვარადაა შედგენილი, რომ ნებისმიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებს — როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისას, რომლებიც შეძლებენ მთელი ბინა უნიკალური ნივთებით მოაწყონ“, — განუცხადა Sputnik-საქართველოს პროექტ „ღვინის ქარხნის“ განვითარების დირექტორმა ვერონიკა ბარანოვამ.
მისი თქმით, „ძველმანების ბაზრობა“ ქარხნის ისტორიული საცავის გვერდით, -1 სართულზე განთავსდება, სადაც, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, დღემდე ინახება ნაპოლეონისა და სტალინის კოლექციის ღვინოები და კონიაკები.
„არ მინდა ყველა საიდუმლოს გათქმა, მაგრამ მალე მარკეტის შიგნით საიდუმლო ვინოთეკა გაიხსნება. რაღა თქმა უნდა, ჩატარდება სხვადასხვა თემატური ღონისძიებები, ვინაიდან ჩვენ რეგულარულად განვაახლებთ ბაზრის ასორტიმენტს“, — აღნიშნა ბარანოვამ.
ახალი ბაზრობის გახსნის ღონისძიება 14 თებერვალს, 20:00 საათზე გაიმართება პეტრიაშვილის ქუჩის №1-ში.
გახსნის დღეს სტუმრებს ბაზრობაზე გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ავეჯსა და აქსესუარებს, ასევე ანტიკვარულ ნივთებს შესთავაზებენ.
საღამოს მუსიკალურად გააფომებს ლუკა თოფურიას ბენდი.