ბაზრობა მშრალ ხიდზე — დიდი და მყუდრო სხვენი

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმშრალ ხიდზე მოვაჭრეები
მშრალ ხიდზე მოვაჭრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის კოლუმნისტი ეკატერინე მიქარიძეთბილისის ერთ–ერთ ყველაზე კოლორიტულ და საინტერესო ადგილზე, მშრალი ხიდის ბაზრობაზე მოგითხრობთ, სადაც გამუდმებით ირევიან თბილისელებიცა და უცხოელი ტურისტებიც.

ეკატერინე მიქარიძე

მართალია, თბილისური მშრალი ხიდის ბაზრობა ისეთი ძველი არ არის, როგორიც პარიზული MarcheauxpucesdeSt-Ouen, მაგრამ უკვე მოასწრო სახელი გაეთქვა და ქალაქური კოლორიტის განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო. მშრალ ხიდზე ძველი ნივთებით ვაჭრობა ხალხმა 90–იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. მაშინ ადამიანებს გასაყიდად გაჰქონდათ ყველაფერი — ძვირფასი თუ უბრალო ნივთები, რათა მძიმე წლებში თავი რამენაირად გადაერჩინათ. დღეს იქაურობა უფრო დიდ და მყუდრო სხვენს მოგაგონებთ, სადაც ძველ და ერთი შეხედვით, გამოუსადეგარ ნივთებს შორის აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ყოველთვის ეძებდით. 

© LEVAN AVLABRELIსპილენძის ნივთები, მშრალი ხიდის ბაზრობა
სპილენძის ნივთები, მშრალი ხიდის ბაზრობა - Sputnik საქართველო
სპილენძის ნივთები, მშრალი ხიდის ბაზრობა
 დახლზე გამოფენილი მოგონებები 

მშრალ ხიდზე შეგიძლიათ იყიდოთ ყველაფერი… ან თითქმის ყველაფერი. ნივთები იქ პირდაპირ ტროტუარზეა ჩამწკრივებული და მნახველი პირდაპირ ტკბება სხვადასხვა ისტორიული ეპოქის უცნაური სიმბიოზით. მაგალითად, ტულის რეინჰოლდ ერდმან ტეილეს ქარხანაში 1882 წელს დამზადებული სამოვრის გვერდით შესაძლოა საბჭოთა ბელადის, სტალინის ბიუსტი იხილოთ, რომელიც მისი დაბადებიდან ასი წლის იუბილისთვის გამოუშვიათ; ხოლო XIX საუკუნის გლეხური თიხის დოქის გვერდით, გასული საუკუნის 70–იანი წლების საკულტო მულტფილმის პერსონაჟის, ნიანგ გენას პლასტმასის სათამაშო. 

© LEVAN AVLABRELIმშრალ ხიდზე გასაყიდად გამოტანილი სამოვარი
მშრალ ხიდზე გასაყიდად გამოტანილი სამოვარი  - Sputnik საქართველო
მშრალ ხიდზე გასაყიდად გამოტანილი სამოვარი
 თუმცა არის, ასე ვთქვათ, თემატური დახლები, სადაც 1953 წლის რადიოლის გვერდით 1935 წელს გამოშვებული პატეფონი „ცხოვრობს“—თავისი 1980–იანი წლების ფირფიტებით. ხოლო 1500 დოლარად შეფასებული ძველებური გრამოფონი ანტიკვარიატის მოყვარულებს მასზე კარგა გვიან „დაბადებული“ მუსიკალური ინსტრუმენტების გარემოცვაში ელის. 

რარიტეტული  ფოტოაპარატების სექცია მშრალი ხიდის ბაზრობის ერთ–ერთი ყველაზე ცოცხალი და ჭრელაჭრულა ადგილია. იქ გამუდმებით ირევა ხალხი  — უცხოელებიცა და ადგილობრივებიც. მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე აქაურობის „ზავსეგდატაია“ — ხშირადაა იქ და თუ ისე მოხდა, რომ შეხვდით, შეიძლება საათობით გელაპარაკოთ ფოტოაპარატებზე.  

იყიდება სახსოვარი 

„ნიაზს დიდი ხანია აინტერესებს საკოლექციო აპარატები. მალე ვაკის პარკში მუსიკალური კომპლექსი იხსნება, თავისი ფოტოსტუდიით და ნიაზი აქ რჩევებისთვის მოდისსაკონსულტაციოდ და რაღაცეების საყიდლად“, — ამბობს ამ „ტექნიკური სამოთხის“ მფლობელი სახელად ანდრეი. 

წარმოშობით რუსი ანდრეი სამოქალაქო ავიაციის პილოტი იყო წარსულში. 1998 წლამდე დაფრინავდა, მერე, 2008 წლამდე, დისპეტჩერი იყო. ბოლოს საერთოდ მიატოვა ავიაცია — ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

„ფოტოაპარატი, ასე თუ ისე, მაინც უტილიტარული ნივთია, ძირითადად კოლექციონერები ყიდულობენ“, — ამბობს ანდრეი და 41–ში გამოშვებულ „ზენიტს“ გვაჩვენებს. 

ცელოფნით მოგებულ ასფალტზე ისეთი რაოდენობის რეტრო ფოტოაპარატი ალაგია, რომ თვალები გაგვირბის. ყველაზე ძველს ვპოულობ — 1915 წელს გამოშვებულს. 220 დოლარი ღირს.  

© LEVAN AVLABRELIძველი საოჯახო ნივთები, მშრალი ხიდის ბაზრობა
ძველი საოჯახო ნივთები, მშრალი ხიდის ბაზრობა - Sputnik საქართველო
ძველი საოჯახო ნივთები, მშრალი ხიდის ბაზრობა

ამბობენ, ფოტოაპარატების კოლექციონერობა განსაკუთრებული ვნებააო. აი, მაგალითად, ჰოლანდიაში ცხოვრობს „ზენიტების“  კოლექციონერი, რომელიც ამ მარკის ნებისმიერ წელს გამოშვებულ მოდელებს ყიდულობს — იმასაც კი, ქარხნული „ბრაკი“ რომ აქვს. 

ინგლისში კი „ზენიტების“ მოყვარულთა კლუბიარსებობს, რომლის წევრებმაც მცირე რაოდენობით გამოშვებულ წუნიან აპარატებს, რომელთა რეალიზაციაც სწორედ ამ წუნის გამო შეწყდა თავის დროზე, „მაგიური განათების მქონე“ უწოდეს.  

გახსოვთ ფილმი „მიმინო“ და კინოპროექტორი, რომელიც სურათის დასაწყისშივე  ჩნდება, როცა სოფელში ღია ცის ქვეშ ფილმს აჩვენებენ? აი, სწორედ ისეთი კინოპროექტორია ახლა გამოფენილი დახლზე და მყიდველს ელოდება. 

ამ „კეთილშობილი“ ძველმანების გროვაში საბავშვო დღესასწაულების სურნელიც იგრძნობა — როცა ბავშვებს ერთ ოთახში თავს მოუყრიდნენ, კედელზე თეთრ ზეწარს გაჭიმავდნენ, აპარატს ააზუზუნებდნენ და კედელზე საყვარელი ზღაპრების გმირები ჩნდებოდნენ. 

მოკლედ, მართლაც რომ მოგონებების ბაზრობაა, რა… 

ოდნავ მოშორებით ძველებური იარაღი იყიდება — ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი საბრძოლო ხიშტები. 

„აბა, რომელი მოგწონს, აირჩიე“, — რიხით მთავაზობს გამყიდველი. მეც ვარჩევ და თან ვუხსნი, რომ ყიდვას არ ვაპირებ, უბრალოდ ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებ. გამყიდველს ნირი არ ეცვლება.  

© LEVAN AVLABRELIმშრალ ხიდზე სხვადასხვა სახეობის ცივი იარაღია გამოფენილი
მშრალ ხიდზე სხვადასხვა სახეობის ცივი იარაღია გამოფენილი  - Sputnik საქართველო
მშრალ ხიდზე სხვადასხვა სახეობის ცივი იარაღია გამოფენილი

ვატყობ, რომ აქაურები— ყველა, როგორც ერთი —რაღაცნაირად გულღიები და კეთილგანწყობილები არიან. ქართულის გარდა, რუსული და საყველპურო ინგლისური ყველამ იცის და დილაადრიან სავაჭროდ გამოსულები ნებისმიერ გამვლელს ხალისით უბამენ ბაასს. დრო ხომ უნდა მოკლან, არა? 

მუსიკის გაკვეთილები 

„გოგონა, აბა ამ საყურეებს გამოხედე, — მომმართავს ერთიანად ძაძებში შემოსილი ქალბატონი. — შენ „კულონს“ მოუხდება“.

გამოველაპარაკე და ქალი გამომიტყდა, ყველაფერი, რაც აქ მაქვს გამოტანილი, სულ ჩემი ოჯახის საკუთრებააო. დიდი შვილები ჰყოლია  — ერთი რუსეთში ცხოვრობს, მეორე — გერმანიაში. ქმარი ცოტა ხნის წინ დაღუპვია და ახლა ყველაფერს ყიდის, სახლსაც და ნივთებსაც, ფულს აიღებს და შვილებთან წავა.

— რაც დამრჩება, მეზობლებსა და ნაცნობებს ჩამოვურიგებ, ცოტა კი არ გამიჩუქებია ცხოვრების განმავლობაში…  

© LEVAN AVLABRELIნოტების ძველი გამოცემა, მშრალი ხიდი
ნოტების ძველი გამოცემა, მშრალი ხიდი - Sputnik საქართველო
ნოტების ძველი გამოცემა, მშრალი ხიდი

და სანამ ქალბატონს ველაპარაკებოდი, ვიღაც ხნიერი მამაკაცის მზერა შევნიშნე — კითხვით სავსე მზერა. ბატონი ზურაბი ბაზრობაზე ერთი წლის წინ გამოსულა. პროფესიით მუსიკოსია, მაგრამ იძულებული გამხდარა, ვაჭრობისთვის მიეყო ხელი. მასა და მის მეუღლეს პენსია კატასტროფულად არ ჰყოფნით, არადა, შვილები არ ჰყავთ, ამიტომ არც არავისი დახმარების იმედი აქვთ. ბატონი ზურაბი საყოფაცხოვრებო წვრილმანებით ვაჭრობს. დღეს ძალიან გამართლებია — შვიდი ცალი დასაკეცი დანა გაუყიდია. 

ბატონი ზურაბი სარატოვში დაბადებულა, ვინაიდან მამა გაუნაწილებიათ იქ უმაღლესის დამთავრების შემდეგ. 

„32 წლისა ვიყავი, მამაჩემს რომ სამშობლოსკენ გამოუწია გულმა. ავდექით და საქართველოში საცხოვრებლად გადმოვედით. სკოლაში მუსიკალური სტუდიის გამგედ დავიწყე მუშაობა. წლები გადის და მოწაფეების სტუდიაში აყვანა თანდათან ჭირს. თან ფართის ფულიც ხომ უნდა გადავიხადო? აი, მაგალითად, ხუთი–ექვსი ბავშვი რომ შემეკრიბა, — ხმამაღლა მსჯელობს ბატონი ზურაბი. — 400 ლარი გამომივიდოდა და არენდის ფულსაც გადავიხდიდი. პრინციპში, შინაც შეიძლება პატარებს ფორტეპიანოზე დაკვრა რომ ვასწავლო… ახლა ერთი მეზობელი მთავაზობს მუსიკალური კლასის გახსნას თავის სახლში. მისი შვილი ჩემი მოწაფე იყო პატარაობაში, ახლა კი განათლების სამინისტროში მუშაობს“. 

შინ რომ ბრუნდება, ივახშმებს და შესაძლოა, ინსტრუმენტსაც მიუჯდეს. 

© LEVAN AVLABRELIძველებური პორტსიგარი, მშრალი ხიდის ბაზრობა
ძველებური პორტსიგარი, მშრალი ხიდის ბაზრობა - Sputnik საქართველო
ძველებური პორტსიგარი, მშრალი ხიდის ბაზრობა

„გვიანია ხოლმე და მერიდება მეზობლების შეწუხება. კი მეუბნებიან, დაუკარით, ბატონო ზურაბ, სიამოვნებით გისმენთო, მაგრამ მაინც მერიდება. ბეთჰოვენს ვუკრავ ყველაზე ხშირად, მერე შოპენს, — იღიმება მუსიკოსი. — იცით, რა? მოდით ჩემთან და დაკვრას გასწავლით, — მთავაზობს ის, როცა მოულოდნელი ნაცნობობით გამოწვეული პირველი უხერხულობა ქრება. — ხომ გიყვართ ფორტეპიანო?“ 

მეც ვპირდები, რომ მივალ და ვემშვიდობები ამ ზღაპრის პერსონაჟივით ადამიანს. 

მშრალი ხიდის ბაზრობაზე ისეთებიც არიან, ვინც მისი გახსნის დღიდან ვაჭრობს იქ. უკვე ბევრზე ბევრი წელია, რაც მიშა დილის 8 საათზე მოდის და მანქანიდან ტროტუარზე მრავალრიცხოვანი საქონლის გადმოტვირთვას იწყებს. სადაგ დღეებში ნაკლები ვაჭრობაა, უქმეებზე კი დუღს და გადმოდუღს. 

მიშა ძველებურ ნივთებში მშრალ ხიდზე დადგომამდეც ერკვეოდა. ამბობს, ყოველთვის მაინტერესებდა სიძველეებიო.  

© LEVAN AVLABRELIმშრალ ხიდზე მრავალ სიძველეს ნახავთ...
მშრალ ხიდზე მრავალ სიძველეს ნახავთ... - Sputnik საქართველო
მშრალ ხიდზე მრავალ სიძველეს ნახავთ...

„აქ ნებისმიერი საქონლის ექსპერტს ნახავთ. ბროლი გაინტერესებს? „პაჟალუსტა“,გამყიდველ–შემფასებელი გვყავს. იარაღის სპეციალისტებიც არიან. მე, მაგალითად, კარგად ვერკვევი ნახატებში, მედლებსა და მონეტებში. მაინტერესებს და იმიტომ. ამასწინათ ისეთი ნივთი გამოჩნდა, რომ… ერთი ბებო მოვიდა, მედლები მოიტანა ჩასაბარებლად. აქაურმა გამყიდველმა ორ ცალში 20 ლარი მისცა, თვითონ კი 200 ლარად გაყიდა მერე. გავცოფდი! ზოგიერთები სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და უნამუსოდ ატყუებენ“, — ბრაზობს მიშა. 

თუმცა პირიქითაც ხდება ხოლმე — ვიღაც–ვიღაცეები გამყიდვლის გაცუცურაკებას ცდილობენ. 

„რა კურიოზს გინდა, აქ რომ არ გადააწყდე?! — ამბობს იარაღის ექსპერტი ილია. — ერთხელ ვიღაც კაცმა ხმალი მოიტანა, მახვილის პირზე წარწერა იყო: ნიკოლოზ მეორე. უზარმაზარი ფასი დაადო, მეფის ნაქონი ხმალიაო. მიდი ახლა და უხსენი, რომ ნიკოლოზის დროს ასეთი დამღა ნებისმიერ იარაღზე კეთდებოდა, აუცილებელი კი არ იყო, მაინცდამაინც მეფისა ყოფილიყო“. 

თბილისის მშრალი ხიდის ბაზრობა რაღაცნაირად მაგიური ადგილია. თუ ერთხელ მიხვედი, აუცილებლად კიდევ გაგიწევს გული და ყოველ ჯერზე უკან წასვლისას გამუდმებით მოგეჩვენება, რომ რაღაც ბოლომდე ვერ ნახე, ვერ თქვი, ვერ მოისმინე… 


ყველა ახალი ამბავი
0