თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის გაზაფხულზე ღამის კლუბებში რეიდების დაწყებამდე რვა დაკავებულიდან მეექვსე პირი ნარკოტიკების გასაღებაში დამნაშავედ ცნო, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების ახალი დეტალები გაამჟღავნა>>>
სამართალდამცველებმა ყველა ბრალდებული გასული წლის 11 მაისს ღამის კლუბებთან Cafe Gallery და Bassiani, ასევე კოსტავას ქუჩაზე დააკავეს. ამის შემდეგ Cafe Gallery-ში და Bassiani-ში რეიდები ჩატარდა, რამაც ახალგაზრდებში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. შემდეგი ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდობამ, რომელიც შსს-ს ქმედებებმა გააღიზიანა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციები გამართა. ისინი პოლიციას მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას მოითხოვდნენ.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 5 აბი, რომელიც 2018 წლის 14 აპრილს თბილისში მდებარე ღამის კლუბ „კაფე გალერიში" 420 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის მუხლით „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება", რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ მას 8 წლით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ 18, 25, 28 იანვარს და 5 თებერვალა განაჩენი გამოუტანა კიდევ ხუთ პირს, რომლებიც კლუბებსა და კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების გასაღების საქმეში ფიგურირებდნენ. სასამართლომ ბრალდებულები ნარკოტიკების გასაღებაში დამნაშავედ ცნო და 7, 8 და 9,5 წლით პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, მათი საქმეების გამოძიებაც დასასრულს უახლოვდება.