სუს-ის თანამშრომლებმა კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე მაღალჩინოსანი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაქარია ქინქლაძე საკუთარ სამუშაო კაბინეტში დააკავეს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
გურიაში ჩინოვნიკი ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქინქლაძე საკუთარ სამუშაო კაბინეტში დააკავეს, სადაც ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ქინქლაძის გარდა, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებული არიან: შპს „გრემის“ დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა., შპს „ქისტაურის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ. და მოქალაქე ვაჟა ფ.

გამოძიებამ დაადგენა, რომ აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით კი მათ კახეთის რეგიონული სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველთვიურად 3 ათასი აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა ზაქარია ქინქლაძეს „გრემის" დამფუძნებელმა გადასცა.

რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ შპს „ქისტაურის" დირექტორს, მან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ორვილას ტყეში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია განიზრახა, ქინქლაძეს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველთვიურად 10 ათასი ლარის გადახდა შესთავაზა და თანხის ნაწილი, 8 ათასი ლარი წინასწარ გადასცა.

ქრთამის სახით გადაცემული თანხები – 3 ათასი დოლარი და 8 ათასი ლარი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

ყველა ახალი ამბავი
0