თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ნარკოტიკების შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა სოფლის თავკაცი დაბა ჩოხატაურში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ამოიღო. ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას იგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.