თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. პროგრამა TELEGUIDE-ის გამოყენება, რომელიც თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა დუტა პეტრიდისმა შეიმუშავა, თებერვლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.
ახალი პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მიღება საქართველოს ნებისმიერი ღირსშესანიშნაობის შესახებ. პროგრამა პირველ რიგში ხელმისაწვდომი იქნება სამ - ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.
„პროგრამა ძალზე მარტივია გამოყენებისთვის. ტურისტმა უნდა გადაიღოს ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის ფოტო და ის პროგრამაში ჩატვირთოს, რის შემდეგაც TELEGUIDE ობიექტის შესახებ ვიდეო, აუდიო ან ტექსტურ ინფორმაციას მიაწვდის მას", - აღნიშნა პეტრიდისმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
როგორც პეტრიდისმა აღნიშნა, TELEGUIDE მაშინ მოიფიქრა, როცა ლექტორმა გამოცდის ჩასაბარებლად რამე სტარტაპ-იდეის მომზადება დაავალა.
„ხშირად ვყოფილვარ სიტუაციაში, როცა მაინტერესებდა, რა ღირსშესანიშნაობა იყო ჩემ წინაშე, მაგრამ ჩემთვის საინტერესო ინფორმაციის მაშინვე მიღების შესაძლებლობა არ იყო. როცა სახლში ვბრუნდებოდი, დეტალებს ინტერნეტში ვეძებდი. ახლა უკვე, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, პირდაპირ ადგილზე იქნება შესაძლებელი ინფორმაციის მიღება ნებისმიერი ღირსშესანიშნაობის შესახებ", - განაცხადა პეტრიდისმა.
დუტას მამა ბერძენია, დედა - ქართველი. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაიზარდა. ყოველთვის აინტერესებდა რამე ახლის, საინტერესოსა და სასარგებლოს შექმნა. მან მალევე იპოვა თანამოაზრეები თავის თანაკურსელებს შორის, რომლებთან ერთადაც არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას აპირებს.
„ძალიან მომწონს გუნდში მუშაობა. ახლა საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკუნეა და ამით გატაცებული არიან არა მხოლოდ ბიჭები, არამედ გოგონებიც, რომლებსაც ტექნიკური პროექტების მიმართ ძალზე შემოქმედებითი დამოკიდებულება აქვთ. მათთან მუშაობა საინტერესოა. ამ სტარტაპში ჩვენთან ერთად მუშაობდა ერთი გოგონა და მომავალში, როცა ახალ პროექტებზე დავიწყებ მუშაობას, აუცილებლად ჩავრთავ გოგონებს. მათ იციან იდეების, პროექტების გამრავალფეროვნება", - განაცხადა პეტრიდისმა.
საქართველოს ახალგაზრდობა სულ უფრო ერთვება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესში. ახალგაზრდები დარწმუნებული არიან, რომ ის, სწორი გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ადამიანების ცხოვრებას, დაზოგავს დროს, სახსრებსა და ძალისხმევას. ახალი იდეების რეალიზებისთვის პეტრიდისს ცოდნის გაღრმავება სურს, უნდა, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების ფაკულტეტზე გადავიდეს. პეტრიდისი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ ახალი პროექტების შექმნა, ისეთი პროექტების, რომლებზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდება.