მძღოლები ვალდებული იქნებიან, საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიონ

გამოწერა
დაზღვევის გადასახადი წლიური იქნება და მისი ფასი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება, მისი ამოქმედება კი 2019 წლის 1 ივლისიდან არის გათვალისწინებული. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების წესები, შესაძლოა, ოდნავ შემსუბუქდეს>>>

ცვლილების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით მზღვეველი ვალდებულებას იღებს, აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება ავტომანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

„მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და, მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის – ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს", – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით დადგენილია დაზღვევის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულებები. გადასახადი წლიური იქნება და მისი ფასი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება. 

კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:

ა) მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75–110 ლარი;

ბ) მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ათას კგ-ს, ხოლო დასაჯდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100–150 ლარი;

გ) ავტობუსისათვის, რომლის დასაჯდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160-240 ლარი;

დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ათას კგ-ს აღემატება – 210-310 ლარი;

ე) მისაბმელისათვის – 50-75 ლარი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60-90 ლარი;

კანონით ასევე განსაზღვრული იქნება ჯარიმის ოდენობა, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის დაეკისრება მძღოლს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დოკუმენტების შემოწმება - Sputnik საქართველო
„ჭკვიანმა კამერებმა“ საქართველოს საზღვრებს მიაღწია

კერძოდ, მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაზღვევის არარსებობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება.

ავტობუსის (რომლის დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ათას კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი 200-ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება.

ამასთან, მძღოლს, ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.

სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელი იქნება მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

ინიციატივის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის აუცილებლობა არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ სახელმწიფო ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენება.

ყველა ახალი ამბავი
0