თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საზღვრები აღიჭურვება კამერებით, რომლებსაც სახის ამოცნობისა და პიროვნების იდენტიფიცირების ფუნქციები ექნებათ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები და ვიდეოჯარიმის დაკისრების ახალი წესები. „ჭკვიანი კამერების“ მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ მათ ოპერატორის გარეშე სამართალდამრღვევის გამოვლენა და ჯარიმის გამოწერა შეუძლიათ.
მანამდე შს მინისტრმა დააანონსა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეფორმა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე კადრების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
„როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე, დამონტაჟდება სპეციალიზირებული კამერები, რომლებიც ხელს შეუწყობს იდენტიფიცირებას, პროცესი უკვე მიმდინარეობს. გარკვეულ ადგილებზე, ეს კამერები, უკვე დგას. დაახლოებით 400-მდე ასეთი კამერა განთავსდება“, — განაცხადა გახარიამ.
ეს იქნება სახის ამოცნობის ფუნქციის მქონე სპეციალიზებული კამერები, აღნიშნა მან.
მისი თქმით, საზღვრების გარკვეულ მონაკვეთებზე რამდენიმე ასეთი კამერა უკვე დამონტაჟდა და მათი დახმარებით უკვე ერთი ძებნილი პირიც კი დააკავეს.