თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გვიან ღამით მიიღო გადაწყვეტილება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური კადრების შენახვა-გავრცელებისთვის დაკავებული დანარჩენი რვა პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, იუწყება პირველი არხი.
დაკავებულია პირი, რომელმაც Youtube-ზე დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები ატვირთა >>
ზურაბ სოლომნიშვილს, რომელმაც სკანდალური ვიდეო Youtube-ზე ატვირთა, პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.
მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, ირმა ხოროიშვილსა და სპირიდონ სურამელს 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ, ინგა ხოროიშვილს 2 ათასი ლარის, ხოლო სერგო ირემაშვილს, ბადრი ჩოფლიანს, გიორგი ფარცვანიასა და გიორგი კასრაძეს 5 ათასი ლარის.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.
დღეისათვის საქმეში 17 პირი ფიგურირებს. საღამოს სასამართლომ იმსჯელა ცხრა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე: ორ მათგანს პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენები, მათ შორის ორი ქალი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.
სკანდალური ვიდეო, რომელიც ბესელიას თქმით, ინტიმური ხასიათის იყო, ინტერნეტში 28 იანვრიდან გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). ამ დროისათვის დაკავებულია 16 ადამიანი, რომლებიც ინახავდნენ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს და მას მობილური აპლიკაციის მეშვეობით სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.
ბესელიას თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის სისხლის სამართლის საქმის მასალებში ინახებოდა. მაშინ სხვადასხვა პოლიტიკოსების მონაწილეობით ინტიმური ხასიათის ვედოჩანაწერები სოციალურ ქსელში აიტვირთა და ამ ჩანაწერები ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანმა ნახა. ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დამზადდა.
რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, ბესელიამ მიანიშნა, რომ ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელება შეეძლოთ იმ პირებს, ვისაც 2016 წელს გახსნილი საქმეების სასამართლო მასალებთან აქვს წვდომა. მისი თქმით, საეჭვოა, რომ ეს დაემთხვა მის კონფლიქტს მოსამართლეებთან, რომლებსაც უზენაეს სასამართლოში მოხვედრა სურთ.